საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მას აზრს ვერავინ შეაცვლევინებს და თუ ვინმე ამას შეძლებს, ის მანდატს დატოვებს.
„ჩემი კომპრომისული დამოკიდებულება პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ იმით იყო განპირობებული, რომ ჩემმა გუნდმა დამარწმუნა, ისინი ამ გადაწყვეტილებით შეძლებდნენ პოლიტიკური ვითარების დამშვიდებას, რომ ოპოზიცია იქნებოდა კონსტრუქციული, ქუჩა იქნებოდა უფრო მშვიდი და ქვეყნის განვითარებას ხელი არ შეეშლებოდა, მაგრამ ეს პირობა არ შესრულდა. როცა საზოგადოებას ვამცნეთ, რომ ჩვენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე თანახმა ვიყავით, მას შემდეგ ქუჩაში ქაოსი არ შეჩერებულა, დესტრუქცია ოპოზიციას არ შეუჩერებია. გარდა ამისა, ვნახეთ, რომ პატრიარქზეც გაილაშქრეს. ამიტომ ამ დესტრუქციულ ძალასთან არ შეიძლება საუბარი იმდაგვარად, რომ მივიღოთ მაღალი რისკის პროპორციული საარჩევნო სისტემა. ჩემი მყარი პოზიციის შეცვლას ვერავინ ვერ შეძლებს და თუ შეძლებს, ე.ი. მე არ ვყოფილვარ ძლიერი დეპუტატი. სუსტ დეპუტატს კი არ სჭირდება მანდატი და პარლამენტში სავარძელი. ამიტომ თუ ვინმე ამას შეძლებს, მე მანდატს ჩაგაბარებთ თქვენ,” – განაცხადა ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც თავად არის პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, დღეს საპარლამენტო განხილვის გადადებას მოითხოვდა.