„ხალხის ძალის” წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ემიგრაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და პარლამენტის ტრიბუნიდან იკითხა, თუ ისინი „ქვეყნიდან გარბიან, რატომ არის თბილისში ამხელა საცობი”.
„ჩემი ოჯახის წევრიც არის წასული, ძალიან ბევრი ჩემი მეზობელი და მეგობარიც, მაგრამ მაშინ ამაზე არავინ არ საუბრობდა. დღეს ყველა ტელევიზიაში, ყველა საინფორმაციოში, მით უმეტეს, ოპოზიციურში ყოველ 5 წუთში ერთხელ, ერთი და იმავე ინფორმაცია ტრიალებს, რომ მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. თუ გარბიან, მაშინ თბილისში რატომ არის ამხელა საცობი”, – განაცხადა მან.
დეპუტატები აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ, სავარაუდოდ, მილიონზე მეტი მოქალაქეა – ამ საკითხზე მათ ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართეს.
შეკითხვები შეეხებოდა საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობას და საზღვარგარეთ საარჩევო უბნების გახსნას.
პარლამენტში გამოსვლის დროს ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ პირველი ამოცანა უნდა იყოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და დადგინდეს მათი ზუსტი რიცხვი. მინისტრმა საინფორმაციო კამპანიაში დახმარება ოპოზიციასაც სთხოვა.