ხუნდაძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის განხილვის გადადება მოითხოვა

პუბლიკა

უმრავლესობის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის გადადება მოითხოვა. მას კენჭისყრამდე უმრავლესობის სხდომის მოწვევა სურდა.

ხუნდაძის თქმით, ის კომპრომისზე წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კითხვები ისევ აქვს.

„ჩვენ, მაჟორიტარებს, და კონკრეტულად მე, მქონდა კომპრომისული დამოკიდებულება გუნდთან შეთანხმებით და ამის გამო მხარს ვუჭერდი. მიუხედავად იმისა, რომ კითხვები მქონდა, მზად ვიყავი, ჩვენ მიგვეღო გადაწყვეტილება, რომ გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე, და ეს მიგვეღო დღესვე.  არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში და მით უმეტეს დღეს, მე ამ კითხვებზე უფრო ნაკლებად მაქვს პასუხები და არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი კომპრომისული გადაწყვეტილება იქნება მართებული და მინიმუმ არ იქნება სახიფათო ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და მომავალი განვითარებისთვის. ამიტომ  მე გთხოვთ, მე მაქვს ამის უფლება, რომ მოვიწვიოთ უმრავლესობის სხდომა და იმ კითხვებზე პასუხები, რაც მისაღები მაქვს და არამხოლოდ მე, ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას გვინდა, პასუხები მივიღოთ“, განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ხუნდაძეს უპასუხა, რომ მას [ხუნდაძეს] ამ კითხვებზე პასუხი პირადად მისგან აქვს მიღებული და სთხოვა, რომ გაეგრძელებინათ სხდომა და მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რაზეც უკვე შეთანხმდნენ.

„ბატონო დიმიტრი, დიდი პატივისცემა მინდა დაგიდასტუროთ. თქვენ პირადად ჩემგან და ბევრი ჩვენგანისგან გაქვთ პასუხი ბევრ კითხვაზე. ამ თემაზე ერთხელ უკვე იყო უმრავლესობის სხდომა და გადაწყვეტილებაც მიღებულია. არ მგონია, რომ ჩვენ ახლა თუნდაც სპეკულაციის საფუძველი  უნდა მივცეთ ამათ [ოპოზიცია], რომლებიც მთელი დღე მაგაზე ლაპარაკობენ, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, რასაც თქვენ გვეუბნებით და რასაც თქვენ სთავაზობთ პარლამენტს.

გავაგრძელოთ ახლა სხდომა. განვიხილოთ ის საკითხი, რაც უნდა განვიხილოთ და დავასრულოთ ისე, როგორც საჭიროა, როგორც ვლაპარაკობდით აქამდე და როგორც გადავწყვიტეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ხუნდაძეს უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ შესთავაზა, რომ შესვენებაზე მის ოთახში შეიკრიბონ. გია ვოლსკმა ხუნდაძეს სთხოვა, ამ თემაზე პოლემიკა აღარ გაგრძელდეს.

„ძალიან გთხოვთ, შესვენების დროს ყველას, ვისაც აინტერესებს, მაგრამ განსაკუთრებით ფრაქციის ხელმძღვანელებს, შევიკრიბოთ ჩვენთან ოთახში.  თქვენც გთხოვთ, ბატონო დიტო და იქნებ ამ თემაზე პოლემიკა აღარ გავაგრძელოთ“,  განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარემ  არჩილ თალაკვაძემ დიმიტრი ხუნდაძეს სხდომის გადადებაზე უარი უთხრა.

„მომმართა ბატონმა დიმიტრიმ განხილვის გადადების მოთხოვნით.
განხილვის გადადების მოთხოვნაზე ჩემი პასუხი არის არა. განხილვა დღეს შედგება და გამოვიყენებთ სრულ დროს. შესვენების შემდეგ ყველა დაბრუნდება დარბაზში და გაგრძელდება მეორე ინიციატივის განხილვა“, – თქვა თალაკვაძემ.