ხუნდაძეს ოჯახში ძალადობაში მსჯავრდებულთა ნაწილის ამნისტიის იდეა აქვს

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ინიციატორებს შესთავაზა, კანონპროექტი გავრცელდეს ოჯახში ძალადობაში მსჯავრდებულებზეც, რამდენიმე პირობით:

„მინდა, შევეხო საკითხს. ეს არის ოჯახური ძალადობა. მინდა, გითხრათ, არც იურისტი ვარ და არც სისხლის სამართლის სპეციალისტი, თუმცა ამნისტიასთან დაკავშირებით მუშაობის გარკვეული გამოცდილება მაქვს. 2012 წელს უშუალოდ მივიღე მონაწილეობა ამ ჰუმანურ აქტთან დაკავშირებით.

ბატონმა მიხეილმა ისაუბრა, აღნიშნა და ამაში ვეთანხმები, რომ აბსოლუტური განსხვავებაა სისხლის სამართლის მაშინდელ და დღევანდელ პოლიტიკას შორის. გაიგივება ამის აბსოლუტურად უსაფუძვლოა, თუმცა, რა თქმა უნდა, იმაშიც ვეთანხმები, რომ სწორად არის ასაწონი – აქვს დადებითი მხარე, აქვს გარკვეული რისკიც და სწორად უნდა იყოს დაზღვეული.

ახლა, რაც შეეხება იმ თემას, რაზეც მინდოდა მეთქვა, კი, ბ-ნო მიხეილ, თქვენ ახსენეთ, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით არის პრინციპული ნეგატიური დამოკიდებულება, რომ გარკვეული ნაწილი გავითვალისწინოთ, მაგრამ მე ძალიან ბევრ ოჯახთან მქონია საუბარი, ოჯახის წევრებთან და მათი ნათქვამიც მოვიტანე… და არამხოლოდ მათი ნათქვამი, ჩემი აზრიც ემთხვევა მათსას, ამიტომ ვთვლი თავს ვალდებულად, ამაში უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო.

არის ისეთი შემთხვევები, როცა ემოციურ ფონზე წარმოშობილი კონფლიქტები, როცა, ვთქვათ… რა თქმა უნდა, ამას გამართლება არ აქვს, დამდგარ შედეგს, თუნდაც ეს ემოციის ფონზე იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც ნაწილი ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნებოდა ურიგო  და შესაძლოა აუცილებელიც, გაგვეთვალისწინებინა.

პირველი, გასათვალისწინებელია სოციალური ფონი, მით უმეტეს, ამ პანდემიის დროს, როდესაც ყველა ოჯახს დამატებითი ტვირთი აქვს, ისევე, როგორც, რა თქმა უნდა, მთელ ქვეყანას და მსოფლიო ძალიან დიდ ტვირთს ზიდავს.

ოჯახები არის გახლეჩილი. აქ არის ბევრი პრობლემა. ოჯახს ეკონომიკურად უჭირს და ოჯახის უფროსი… უფრო ხშირად, ოჯახის უფროსები არიან ხოლმე ამის ჩამდენნი, სამწუხაროდ და ისინი არათუ ეხმარებიან ოჯახს, არამედ ტვირთად აწვებიან და მათი მორალური და ეკონომიკური მხარე ძალიან მძიმე და შეუსაბამო ხდება. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ხელაღებით სრული ამნისტირება უნდა მოვახდინოთ დანაშაულის.

ვთქვათ ასეთი შემოთავაზება – თუ არის პირველი შემთხვევა, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მას აქვს დადებითი დახასიათება და ოჯახის თანხმობა თუ არის.. ჩემი აზრით, ერთი გამონაკლისი დაზღვევის მიზნით უნდა ჩაიდოს ამდაგვარად: თუ არის პირველი შემთხვევა, მაშინ უნდა იქნას გათვალისწინებული ოჯახის თანხმობა.

შესაძლოა, მეორე-მესამე შემთხვევაში, ოჯახში თანხმობა შეიძლება იყო, გარკვეულწილად, ქვეცნობიერად ძალადობრივი და შესაძლოა, შედეგი იგივე დადგეს, თუკი ოჯახი ამ თანხმობას არ გამოხატავს და სასჯელის ამოწურვის შემდეგ ოჯახის უფროსი, წარსულში მოძალადე მიაკითხავს ამ ოჯახს და  შესაძლოა, სამაგიეროს გადახდის სურვილიც კი გაუჩნდეს.

თუ შესაძლებელია, მეორე შემთხვევაში ოჯახის თანხმობა აღარ იყოს გასათვალისწინებული. თუ ადამიანმა ეს ემოციურ ფონზე… გამართლება ამისგან შორსაა, თუ მისი დახასიათებაც იძლევა იმის საშუალებას, რომ რისკი იქნას აღქმული მინიმალური, ოჯახი თანახმაა, ამ სოციალურ ვითარებაში, ვფიქრობ, ეს იქნებოდა არა მხოლოდ კარგი, ძალიან კარგი და აუცილებელი“, – განაცხადა ხუნდაძემ.