ხურვალეთში დათა ვანიშვილის პანაშვიდზე პოლიტიკოსები და აქტივისტები ჩავიდნენ

პუბლიკა

სოფელ ხურვალეთში დათა ვანიშვილის პანაშვიდზე პოლიტიკოსები და აქტივისტები ჩავიდნენ. მათ სამძიმარი გამოუცხადეს საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ ვანიშვილის ოჯახს და აღნიშნეს, რომ დათა პაპა რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო იყო.

„დათა რომ კვდებოდა, ეგრე მითხრა, დამაჯინა და ხელებზე მაკოცა და ჩვენო ერთად დავბერდითო და აბა შენ იცი შენი ქალობაო, როგორც მე არ წავართმევინე სახლი, ეგრე შენცაო, არსად არ წახვიდეო“, – იხსენებს დათა პაპას მეუღლე, ვალია ვანიშვილი.

პანაშვიდზე იმყოფებოდნენ „ლეიბორისტული პარტიის“, „ლელოს“ წარმომადგენლები, ელენე ხოშტარია, დავით ქაცარავა, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, სამოქალაქო აქტივისტები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„დათა პაპას მაგალითი გვიჩვენებს, რა მძიმე დღეში არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ადამიანი, თითქმის, ნახევარი მეტრის დაშორებით იყო ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან და განიცდიდა უდიდეს ზეწოლას. მიუხედავად ასაკისა, მან ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლა თავისი მეობის და მიწა-წყლის შენარჩუნებსითვის“, – განაცხადა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

დათა ვანიშვილს ხვალ დაკრძალავენ.

ნახვამდის, დათა პაპა

Posted by Mariam Dolidze on კვირა, 21 მარტი, 2021


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა, 88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.

2011 წელს საოკუპაციო ძალებმა დათა ვანიშვილს სახლის წინ მავთულხლართები გააბეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილი მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა. ვანიშვილთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ვიზიტად მყოფი დიპლომატიური დელეგაციების წარმომადგენლები და ადგილზე ეცნობოდნენ გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას.