ხვალ, 11 სექტემბერს 598 საარჩევნო უბანზე იმიტირებული არჩევნები გაიმართება

პუბლიკა

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ, 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება.

ცესკოს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის თქმით, იმიტირებული კენჭისყრის პროცესი ხვალ 11:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ცესკოს ცნობით, ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ რეგისტრაციის პროცედურას, ისინი ასევე თავად გაივლიან ხმის მიცემის შემდეგ პროცედურებს – რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება.

„26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში. აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. ამ დროისათვის  ინფორმირებულია ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი”, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, გამოიყენონ მორიგი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში და პირადად გაეცნონ  საარჩევნო  ტექნოლოგიებს.

საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება, შეგიძლიათ იხილოთ ცესკოს ვებგვერდზე www.cesko.ge.