„ხვალ, 12 საათზე გამოვაცხადებთ დეტალურ სამოქმედო გეგმას“ | ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

პუბლიკა

ოპოზიციის ლიდერებსა და წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ უკვე სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხვალ გააცნობენ საზოგადოებას.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან წინააღმდეგობის მოძრაობა გაგრძელდება.

„საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება არის ის, რომ იმ რეალობაში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ანგარიში არ გაუწია საერთაშორისო აზრს, არც ქართული საზოგადეობის აზრს, ჩვენ ერთადერთი გზა გვრჩება წინააღმდეგობის მოძრაობის გაგრძელება. შედგენილია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, სტრატეგია, რომელსაც ყველა ერთად მთელი ოპოზიციური პარტიები გამოვაცხადებთ ხვალ პარლამენტთან,  12 საათზე. გამოვაცხადებთ დეტალურ სამოქმედო გეგმას, როგორ მივდივართ იმ მიზანთან, რომელსაც რიგგარეშე არჩევნები ჰქვია“, – განაცხადა მან

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა თქვა, რომ ხვალინდელი აქცია არ გაიმართება, თუმცა ოპოზიცია გამოაცხადებს გეგმას.

„ჩვენ გავაუქმეთ ყველა აქცია მათ შორის,  უარი ვთქვით ხვალინდელ აქციაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, მაგრამ ხვალიდან ჩვენ გადავდივართ სულ სხვა რეჟიმში, სულ სხვა ტალღაზე. ამიტომ ჩვენს გეგმას – თუ რას ვაპირებთ უახლოესი პერიოდის განმავლობაში, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში, ხვალ გამოვაცხადებთ 12 საათზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.


შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, შვედმა დიპლომატმა  თბილისში ოპოზიციასა და „ოცნებას“ შორის მისი მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი ამ ეტაპზე  დაასრულა და ბრიუსელში დაბრუნდა.

გუშინ დანიელსონმა 10-საათიანი შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მიშელის დატოვებული 6-პუნქტიანი გეგმიდან ნაწილზე იყო პროგრესი, პუნქტების ნაწილზე კი ვერ შეთანხმდნენ.