პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ხვალ, 13 ნოემბერს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბონ.
„5 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია როგორი საქართველო უნდა გვქონდეს მომავალში. ვარყიოთ ხელისუფლება, რეჟიმი მანამ, სანამ არ ჩამოვანგრევთ“, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს „ყოველდღიურად არაძალადობრივი, წინააღმდეგობრივი პროტესტი“.
„ჩვენი უწყვეტი, არაძალადობრივი პროტესტის ფონზე ხელისუფლება, რეჟიმი საბოლოოდ კარგავს სახეს და უშვებს თავითვის მომაკვდინებელ შეცდომებს“, – აღნიშნა მელიამ და დასძინა, რომ „საერთაშორისო რეაქცია უფრო და უფრო ძლიერდება მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად“.
ნიკა მელიამ უწყვეტი აქციები 8 ნოემბერს დააანონსა. მისივე თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ „მიხეილ სააკაშვილი არ იქნება უზრუნველყოფილი ნორმალური სამედიცინო დაწესებულებით; მერე არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება მიტაცებული არჩევნები დაბრუნებული“.