ხვალ 3 მსვლელობის ნაცვლად აქცია რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება - მელია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, 19 ნოემბერს დაგეგმილი 3 აქცია-მსვლელობა გაუქმდა და 3 საათზე აქცია „რესპუბლიკის მოედანზე“ გაიმართება.

„გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე. ყველას გტოვთ, გადავდოთ ყოველგვარი დაგეგმილი საქმიანობა, რაც გვინდა, ხვალ წარვმართოთ და ყველანი გამოვიდეთ. მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა არის სახელმწიფოს მკვლელობა მრავალი წლით და ეს უნდა გავაცნობიეროთ“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, კონკრეტული სამოქმედო გეგმა ხვალ აქციაზე გაცხადდება.

ენმ-ის ლიდერმა მოუწოდა ხელისუფლებას, ხვალ 3 საათამდე მიიღოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ.

„თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ სამართლიანი, არაძალადობრივი ბრძოლისთვის“, – მოუწოდა მელიამ ადამიანებს, ვინც ხვალ აქციაზე მისვლას დააპირებს.

19 ნოემბერს 3 აქცია-მსვლელობა „ლელომ“, ენმ-მ და „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ „დროასთან“ ერთად 17 ნოემბერს დააანონსა.