„…ხვალ აუცილებლად იქნება იგივე მარში. ხვალ აუცილებლად ისევ დავარღვევთ კომენდანტს“, – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა. მოძრაობა „სირცხვილია“ ხვალ, 5 აპრილს, საპროტესტო მარშს ბათუმში გამართავს და აქტივისტები კომენდანტის საათს დემონსტაციულად ისევ დაარღვევენ.
„ქვეყანაში უკვე პირდაპირ გვეუგნებიან, რომ პროტესტი აღარ უნდა შედგეს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ეს ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლებებია, რომელსაც ხელისუფლება პირდაპირ არღვევს და ამის ნათელი მაგალითია გუშინდელი დღე. ჩვენ არცერთი წამით აღარ დავუშვებთ იმას, რომ ახლად გახსნილ ოფისში პირველივე ღონისძიებაზე შევარდეს პოლიცია და ისე მოიქცეს, როგორც თვითონ უნდა, შემდეგ ძალის გადამეტებით დააკავოს აქტივისტები ისე, რომ არც განუმარტოს რას ერჩის“, – ამბობს მაქარაშვილი.
მისივე განცხადებით, აქტივისტები ელოდებიან ხვალინდელ სასამართლოს და აქვთ პოზიტიური მოლოდინი:
„ძალიან გვინდა, რომ შეიქმნას პრეცედენტი, როცა მართალი მოქალაქეები გამართლდებიან და სასამართლო ამას ხმამაღლა იტყვის. დაველოდებით ხვალინდელ სასამართლო პროცესს, თუმცა, ვთვლით, რომ გუშინ არანაირი კანონი არ დაგვირღვევია“, – ამბობს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
სირცხვილიას აქტივისტების ცნობით, გუშინ, 3 აპრილს, ბათუმში, მოძრაობის ოფისში პოლიცია შეიჭრა, სადაც დაუმორჩილებლობის აქცია იმართებოდა. მათივე ცნობით, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.