ხვალ ჩანიშნული ბიუროს სხდომა ვერ ჩატარდება - აქციის მონაწილეთა ამაღამდელი გეგმები

პუბლიკა

„ხვალ 3 საათზე ჩანიშნული ბიუროს სხდომა ვერ ჩატარდება…”, – მიმართა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებს ზუკა ბერძენიშვილმა, კამპანია „სირცხვილიას” ერთ-ერთმა წევრმა.

„ეს არის ამოცანა, რომლის განსახორციელებლადაც უბრალოდ გვჭირდება გავაგრელოთ ის, რასაც 3 საათიდან ვაკეთებთ. ჩვენ გვჭირდება ღამის განმავლობაში და ხვალ, დღის განმავლობაშიც, მინიმუმ ეს 24 საათი შეგვიძლია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გამოვყოთ, რომ პარლამენტის სხდომა ხვალ ვერ შედგეს. შემდეგ იქნება სულ სხვა მოცემულობა და კობახიძეც კი ვეღარ იტყვის, რომ ხალხი არ დგას ქუჩაშიო“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, ამ პროცესში ვისაც როგორ უნდა, ისე შეუძლია მონაწილეობა.

„ამ მოკლე, საშუალო თუ გრძელვადიანი პერსპექტივის სისრულეში მოსაყვანად გვჭირდება ეს ღამე და ხვალინდელი დღე, რომ დავრჩეთ ერთად, დავდგეთ ერთად, ვისაც როგორ შეუძლია ამ პროცესის უზრუნველყოფა, ვის პლედის მოტანა, ვის კარვის მოტანა, ვის ამბის გავრცელება, ერთმანეთის გამხნევება, ჩაი, საკვები, რაც ერთმანეთისთვის შეგვიძლია… ჩვენი ყველას ბედი არის ერთი, და საუკეთესო ინტერესები ჩვენი არის ერთი, და ჩვენი საუკეთესო ინტერესებისთვის არაფერი არ უნდა დავზოგოთ და არაფერი დავინანოთ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანონსის მიხედვით, ხვალ საკანონმდებლო ორგანოში 12 საათზე ჩანიშნულია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, ხოლო 15 საათზე კი ბიუროს სხდომა.