ხვალ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე თსუ-ს კორპუსებში სასწავლო პროცესი შეჩერდება

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აცნობეს, რომ ხვალ ვაკის ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები ერთი დღით შეჩერდება.

სტუდენტებს ინფორმაცია შეტყობინების სახით დაეგზავნათ. მიზეზად „ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვა/ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა” სახელდება. ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილი საგამოცდო პროცესი (თსუ ბიბლიოთეკის კორპუსი) წარიმართება განსაზღვრული გრაფიკით.

ინფორმაცია „პუბლიკას“ დაუდასტურეს თსუ-ის პრესასთან ურთიერთობის სამსახურშიც. მათი განმარტებით, სასწავლო პროცესის შეჩერება არ შეეხება მაღლივის კორპუსებს.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ თსუ-სთან 24-საათიანი აქცია დააანონსა, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა – მოძრაობა შეზღუდულია ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევზე, კეკელიძისა და მელიქიშვილის ქუჩებზე. ადგილზე გაშლილია კარვები, მოქალაქეებს მიტანილი აქვთ პლედები და „პარალონები“.