ხვალ დილიდან ოთხ ადგილზე აქცია გაიმართება - მელია პროტესტის გეგმებზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ ოპოზიციის ნაწილის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია განახლდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აქციაზე განაცხადა, რომ ხვალ, დილის 11 საათიდან აქციები გაიმართება იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან.

მელიას განცხადებით, აქცია გაიმართება მეოთხე ადგილზეც, თუმცა ლოკაციას წინასწარ არ გაამჟღავნებს, რადგან, მისივე თქმით, ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელიც წინასწარ არ გამჟღავნდება.

„ასე იქნება ყოველ დღე. შევეგუოთ, რომ ბრძოლა იქნება, რა თქმა უნდა, ენერგიაგამოცლადი, დამღლელი, მაგრამ ისტორიული გამარჯვებები სხვაგვარად არ მოდის.

დიახაც, მე, პირადად, მგონია, რომ ღამისთევები, როგორც ასეთი, და ენერგიის გამოცლა არ არის საჭირო. დილიდან უნდა გამოვაცალოთ ენერგია რეჟიმს.

აპრობირებული მეთოდი არის ბრძოლის გაშლა სხვადასხვა ფრონტზე. წუწუნის დრო არ არის, ბრძოლის დროა“, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, მთავარი მიზანია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, რის შემდეგაც „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია შეწყვეტს შიმშილობას.

მელიას შეფასებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე არანკლებ მძიმეა.

„გავაკეთებთ იმას, რასაც ტრადიციულად პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები არ ვაკეთებდით. გავაკეთებთ იმას, რაც ატიპურია ჩვენთვის. მიჩვეულები ვიყავით 1 წერტილში ბრძოლას. ამით ამოსუნთქვის შესაძლებლობას ვაძლევდით ხელისუფლებას, ახლა ვაკეთებთ საპირისპიროს.

ეს წერტილები და ლოკაციები გაიზრდება მანამ, სანამ მართლაც მთელი თბილისი არ იქნება მოცული საპროტესტო აქციებით. კონკრეტულ გეგმაზე მეტი არ მინდა ვისაუბრო. თუ რამე არ შეიცვალა, იცით, რომ 1 საათზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოა. წესით, უნდა გამოცხადდეს, უნდა გადმოიყვანონ საქალაქო სასამართლოში, დარბაზში, მაგრამ იმ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, მაგრამ 11-საათიანი აქციების შემდეგ, როდესაც დადასტურდება, რომ სასამართლო არის, ყველანი გადავალთ დიღომში, სასამართლოს ეზოში. უნდა ვიყოთ იქაც ძალიან ბევრნი და ძალიან მშვიდნი“, – განაცხადა მან.

ნიკა მელიას შეფასებით, გუშინ „ოპოზიციის ბრძნულმა ნაბიჯებმა“ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა საგრძნობლად გაზარდა.


ნიკა მელიამ უწყვეტი აქციები გუშინ, 8 ნოემბერს დააანონსა.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, აქციები იქნება, სანამ:

  1. „მიხეილ სააკაშვილი არ იქნება უზრუნველყოფილი ნორმალური სამედიცინო დაწესებულებით;
  2. მერე არ იქნება გათავისუფლებული;
  3. არ იქნება მიტაცებული არჩევნები დაბრუნებული“.