„ხვალ დილისთვის გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია“ - ტიკარაძე ექთნის გარდაცვალებაზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში კითხვაზე, თუ რა ვერსიები განიხილება 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ უფრო მეტი დეტალი ხვალ გახდება ცნობილი.

„მადლობა მინდა გადავუხადო მეგის ოჯახს, რომელიც ამ ფაქტს საოცარი გაგებით მოეკიდა. ვინაიდან საქართველოში გვამის გაკვეთას ხშირად ოჯახი არ თანხმდება, რაც, რა თქმა უნდა, შემდგომი დასკვნების მიღებაში გართულებებს იძლევა და რეგულირების სააგენტოს ხშირ შემთხვევაში აქვს მხოლოდ დოკუმენტების შესწავლის საშუალება. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საშუალება, უფრო მეტად დეტალური ინფორმაციის მიღების. ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს სამხარაულში და სულ რამდენიმე საათში, ხვალ დილისთვის ჩვენ გვექნება უფრო მეტად დეტალური ინფორმაცია, თუ რა მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო, რამაც ლეტალობით დაასრულა პაციენტის მდგომარეობა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ადგილზე მეგი ბაქრაძეს ყველა საჭირო მანიპულაცია ჩაუტარდა.


ახალციხეში 27 წლის ექთანი, რომელიც ვაქცინაციიდან 30 წუთში, სავარაუდოდ,  ალერგიულ ფონზე დამძიმდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ფაქტს რეგულირების სააგენტო სწავლობს იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის.