მოძრაობა „ხმის“ წევრებმა თსუ-ის ეზოში საპროტესტო მოძრაობის გეგმაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია არ გათავისუფლდებიან. პროტესტის ნიშნად, დღეს სტუდენტებმა უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავეს, მხარდამჭერები კი უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ.
თათა ვერულაშვილის თქმით, სტუდენტები თსუ-ის კანცელარიაში რჩებიან და უნივერსიტეტისგან მხარდამჭერ განცხადებას მოითხოვენ.
„კანცელარიაში მყოფი სტუდენტები სხვა სტუდენტებსაც მოუწოდებენ შეერთებისკენ. მათ კანცელარია დაიკავეს და უარს აცხადებენ, რომ იქ მუშაობა განახლდეს.
სტუდენტები მოუწოდებენ უნივერსიტეტის რექტორატს, ძალიან სწრაფად გააკეთონ ღირსეული განცხადება და გამოეხმაურონ თავიანთი ლექტორის დაკავებას, მოითხოვონ მისი გათავისუფლება უკანონო პატიმრობისგან. სტუდენტები მოუწოდებენ ლექტორებს, შეუერთდნენ გაფიცვის მოთხოვნას, რომ უნივერსიტეტში სწავლა არ აღდგეს მანამ, სანამ გარეთ არ იქნებიან აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია, თავისუფლები“, – ამბობს თათა ვერულაშვილი.
სტუდენტების პროტესტის პარალელურად მხარდამჭერები თსუ-ის ეზოში არიან შეკრებილები. მოძრაობა „ხმა“ ამბობს, რომ ეზოში მიმდინარე პროტესტი დღეს დასრულდა, მაგრამ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით „ხვალ გაჩერდება კიდევ რაღაც, რასაც არ აანონსებენ“
„ჩვენ არასოდეს არ გვიჭირს, ძარცვას და გაღატაკებას შევუბრუნოთ ხელი და თუ ჩვენ მიმართ არსებობს მუქარა, რომ ჩვენს ორ წევრს სამიდან ექვს წლამდე ციხეში გააჩერებენ, შეგვიძლია უფრო საშიში მუქარის გაჟღერება. ვიტყვით, რომ დღეს გაჩერდება უნივერსიტეტი; ხვალ გაჩერდება კიდევ რაღაც, რასაც არ დავაანონსებ და ბოლოს გაჩერდება საქართველო, ვიდრე გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა არ იქნებიან გარეთ და ვიდრე არ შეწყდება უკანონო გამოსახლება“, – ამბობს ვერულაშვილი.
მოძრაობა „ხმის“ წევრები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა კეკელიძეზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება. ბრალდება მათ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.
პირველი სასამართლო სხდომა 25 იანვარს გაიმართა. მოსამართლემ ორივე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 48 საათში დაცვის მხარე წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.