ხვალ, ივანიშვილის „სასახლესთან“ გვექნება პირველი გასვლითი აქცია - სამოქალაქო აქტივისტები

პუბლიკა

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტის შენობის წინ კიდევ რამდენიმე კარავი გაშალეს და საზოგადოებას მომავალი კვირის განახლებული სამოქმედო გეგმა გააცნეს:

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პერმანენტულად დავიწყოთ ე.წ. გასვლითი აქციები და უკვე ხვალ, 12 საათზე ბიძინა ივანიშვილის „სასახლესთან“ გვექნება პირველი გასვლითი აქცია, სადაც ბიძინა ივანიშვილს შევახსენებთ, რომ ყველა იმ უბედურების სათავე, რაც დღეს საქართველოში ხდება, არის სწორედ ის და სწორედ ისაა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი“, – განაცხადა „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრმა და სამოქალაქო აქტივისტმა ლაშა ხუსკივაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბონდო თედორაძე აღნიშნავს, რომ თუ ხვალ, ე.წ. შუშის სასახლეში ბიძინა ივანიშვილი არ იქნება, აქტივისტები ჩავლენ იმ რეგიონებსა და იმ რაიონებში, სადაც ივანიშვილს საკუთარი კერძო სახლი აქვს. აქტივისტების განცხადებით, ისინი საპროტესტო აქციებს ყველგან გამართავენ.


26 თებერვალს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, „ენმ“-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ 2 მარტს, სამშაბათს იგეგმება პარლამენტის შენობის პიკეტირება, 5 მარტს – კანცელარიის შენობის, 9, 11 და 13 მარტს კი დაგეგმილია საპროტესტო აქციები სხვადასხვა ლოკაციაზე.

როგორც ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, 2 მარტს დეპუტატებს გადაადგილებას არ შეუზღუდავენ, თუმცა შეუქმნიან დისკომფორტს.