ხვალ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია დაიგეგმა

პუბლიკა

ხვალ, 25 იანვარს 19 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია დაიგეგმა. „მწვანეების” ორგანიზებით შექმნილ facebook-ანონსში ვკითხულობთ, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, დაიწყოს სისტემური ცვლილებები და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები.

„დღეს სოციალური ქსელით გავრცელდა შემზარავი ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცს ერთ-ერთ მეტროსადგურში ფიზიკურად უსწორდება. პოლიციელს მოქალაქე შეკრული ხელებით ესკალატორზე აჰყავს, შემდეგ კი ერთ-ერთ ოთახში შეჰყავს და თავისა და სახის არეში ურტყამს.

ეს არ არის პირველი და ერთეული შემთხვევა, როდესაც პოლიციის მიერ ძალის გადამეტება ხდება, რომელიც, ხშირად, სრული უგულვებელყოფით ანდაც საქმის „ჩაფარცხვით” სრულდება. ისე, რომ დამნაშავე პოლიციელი პასუხს არ აგებს.

ჩვენ, ბოლო ათწლეულებია სწორედ პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ძალოვან უწყებებს განუზომელი ძალაუფლება აქვთ. ისინი აკონტროლებენ ჩვენს ცხოვრებას, გვისმენენ და გვაყურადებენ, არბევენ ჩვენს აქციებს, ძალადობენ აქტივისტებზე, აშანტაჟებენ და აპირისპირებენ საკუთარი გარემოს დასაცავად გამოსულ ადგილობრივ თემებს, მუდმივი დაშინების ქვეშ ამყოფებენ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების ერთ-ერთი მთავარი საბაბი პოლიციური და რეპრესიული რეჟიმის დასრულება იყო. თუმცა ამის შემდეგ რეალურად არაფერი შეცვლილა, პირიქით მჩაგვრელი სისტემა გამყარდა და ნორმალიზდა. ძალოვანი სტრუქტურები კვლავ პარტიულ დაკვეთებს ასრულებენ და ხალხის ნაცვლად მმართველი პარტიის ინტერესებს იცავენ.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი ფაქტი პოლიციის მიერ მოქალაქეებზე ძალადობის და მათ შორის მკვლელობის. ამ სისტემამ მოკლა ლუკა სირაძე, ამ სისტემამ მოკლა დემურ სტურუა, ამ სისტემამ მოკლა თემირლან მაჩალიკაშვილი, და კიდევ მრავალი.

წარმოუდგენელია ამ დონის ყოველდღიური ძალადობის ფონზე ცხოვრების გაგრძელება. პოლიცია და პოლიციელი უნდა იყოს მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების დამცველი. ჩვენს შემთხვევაში კი ამის საწინააღმდეგოა – პოლიცია თავადაა საფრთხე.
მოვითხოვთ პასუხისმგებლობა აიღოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, დაიწყოს სისტემური ცვლილებები და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები!

25 იანვარს 19:00 საათზე კანცელარიასთან!, – ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.