ხვალ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია 4 საათზე განახლდება

პუბლიკა

რიონის ხეობის გადარჩენისთვის აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მხარდამჭერებს ხვალინდელი დღის გეგმები გააცნო. მისი თქმით, ხვალ, 4 საათზე აქცია განახლდება და ისინი მსვლელობებს დედაქალაქში კვლავ მოაწყობენ.

„ჩვენ ხვალ 4 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით უფრო მეტ ძალას, ვიდრე დღეს ვართ წარმოდგენილი. უფრო მეტნი ვიქნებით, თუნდაც ამ მოედანზე ხვალ, დავიძრებით აქედან მსვლელობით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს. ლოკაციებს შეგნებულად არ ვასახელებთ დღეს, მოვაწყობთ პიკეტირებას და ეს გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა”, – ამბობს გოლეთიანი.

გოლეთიანმა დღეს ასევე დააანონსა აქცია 26 მაისს.

„26 მაისი არის ჩვენი დღე. მოვუწოდებთ ყველას, 26 მაისს არ მივიდნენ იმ აღლუმზე, არამედ მოვიდნენ ჩვენთან და ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ თბილისში აქცია-მსვლელობები მეორე დღეა იმართება.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

  1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
  5. გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.