ხვალ პარლამენტთან დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს - „სირცხვილია“

პუბლიკა

მოძრაობა „სირცხვილიას“ განცხადებით, დღის განმავლობაში გაავრცელებენ იმ რესტორნების სახელებს, რომლებიც ხვალ, 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის აქტისთვის გაიხსნებიან.

„მოქალაქეები გადავნაწილდებით ჩვენთვის ახლო ლოკაციების შესაბამისად, ვისარგებლებთ რესტორნების მომსახურებით და რაც მთავარია, არ მივცემთ სახელმწიფოს მათი უსამართლო დაჯარიმების საშუალებას. პარლამენტის წინ შეკრებას საღამოს 8 საათზე ვიწყებთ, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს და 9 საათიდან მსვლელობით გავივლით თბილისის ქუჩებში“, – წერს სირცხვილია Facebook-ზე.

მოძრაობის განცხადებით, მარში დასრულდება კონკრეტულ ტერიტორიაზე, რომელიც აქციაზე დაანონსდება; „დაგვხვდება კარგი გარემო და მუსიკა. შეგვეძლება მთელი ღამის განმავლობაში ვისაუბროთ, ვიმხიარულოთ და ა.შ.“


დღეს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ შაბათს დაგეგმილი „დაუმორჩილებლობის აქტი“ არ ჩატარდება.

„თუ 15 თებერვლის შემდეგ კოვიდვითარება რეალობაში ასეთ ციფრებში იქნება და ხელისუფლება არ განიხილავს რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების გადაწყვეტილებას ის, რაც შაბათისთვის დააანოსდა, გადაინაცვლებს სხვა შაბათს“, – აღნიშნა მან.