ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება – მინისტრი

პუბლიკა

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება.

„მინდა, გითხრათ სასიხარულო ამბავი, რომ ხვალ არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა. მინდა, მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეს არის ჭეშმარიტად მსოფლიო სტანდარტის უნივერსიტეტი და გახსნის ცერემონია თქვენ ყველას შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში იხილოთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდი სწორედ მისი მიმართვით იხსნება.

ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი მდებარეობს ქუთაისში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წელს მიიღებს.

KIU სტუდენტებს შესთავაზებს პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე – კვლევის შესაძლებლობებს. უნივერსიტეტის ამოცანაა მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალისა და ადამიანური კაპიტალის მომზადება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას.

უნივერსიტეტის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ფონდი „ქართუ“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ახორციელებს.

KIU თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-სა და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-სთან პარტნიორობით. KIU-ს საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი.