ხვალ რექტორის არჩევნებია - ფიზიკური დაპირისპირება უნივერსიტეტში

პუბლიკა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები  ხვალ, 27 დეკემბერს გაიმართება.

(კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო 16 დეკემბრის 10:00 საათზე და დასრულდა 21 დეკემბრის 18:00 საათზე).

„მაისის სტუდენტური მოძრაობა”, რომელიც მათი შეფასებით არადემოკრატიულ არჩევნების წესს აპროტესტებს, ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ უნივერსიტეტის დაცვის წევრი მათ წინააღმდეგ ძალას იყენებს.

„თსუ-ის დაცვის სამსახურის უფროსმა, გიორგი გორაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სტუდენტებს.

„მაისის სტუდენტური მოძრაობა” ვცდილობდით საარჩევნო ოთახის, 107ე აუდიტორიის კარის გადაკეტვას, სადაც აპირებენ ხვალ არადემოკრატიული წესით აირჩიონ რექტორი. ვცდილობდით მაგიდები და სკამები დაგვედგა გარშემო. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა დაცვის სამსახურის უფროსი, გიორგი გორაშვილი, რომელმაც ჯერ ფიზიკურად იძალადა სტუდენტზე შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

ცნობისთვის:

ხვალ რექტორის არჩევნებია უნივერსიტეტში, რომელიც არადემოკრატიული წესით ტარდება, რექტორის კანდიდატი წინასწარვე შერჩეულია და ის მხოლოდ ერთია. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო და არა სრული პროფესურა.

ვითხოვთ შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი და გახდეს დემოკრატიული და არა მცირე კლანის მიერ მართული.

რექტორს ირჩევს საუნივერსიტეტო და სამთავრობო ელიტა და არა აკადემიური სივრცე!

ეს უნდა შეიცვალოს!

შემოგვიერთდით!” –

ამბობენ სტუდენტური მოძრაობის წევრები.


შეგახსენებთ, რომ აკადემიურმა საბჭომ თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია 20 ოქტომბერს აირჩია. კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ ის იღებდა. კენჭისყრის პროცესი სტუდენტური მოძრაობის პარალელურად მიმდინარეობდა.

მან აკადემიური საბჭოს 30 წევრიდან 28-ის მხარდაჭერა მიიღო.

იგი  არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩეს.

51 წლის ჯაბა სამუშია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია, რომლის სამუშაო გამოცდილება 1994 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობით იწყება.

ჯაბა სამუშია 2010 წლის საკრებულოში „ქრისტიან დემოკრატების“ პარტიული სიით მოხვდა. პარტია თბილისის საკრებულოში სამი მანდატით იყო წარმოდგენილი – ჯაბა სამუშია, ზაზა გაბუნია და კახა ბროკიშვილი, რომელმაც საკრებულოში ინგა გრიგოლია შეცვალა. 2013 წელს ჯაბა სამუშიამ ზაზა გაბუნიასთან ერთად „ქრისტიან დემოკრატები“ დატოვა და საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციას შეუერთდა. თბილისის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ უმრავლესობა 2013 წელს დაეშალა.

სამუშიამ 2014 წლის არჩევნების შემდეგაც მუშაობა საკრებულოში გააგრძელა. 2014 წლის მოწვევის საკრებულოში ის „ქართული ოცნების“ დეპუტატად მოგვევლინა. საკრებულოში თემქის ოლქის მაჟორიტარად აირჩიეს.

2018 წლიდან რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2020 წლის 11 აგვისტოს ფონდის დირექტორად დაინიშნა.