ხვალ რუსეთის ფინანსურ სისტემას შავი დღე გაუთენდება - რომან გოცირიძე

პუბლიკა

„ხვალ რუსეთის ფინანსურ სისტემას გაუთენდება შავი დღე. დღეს კვირაა და ბევრი ხვალ გაიგებს, რა უბედურება დაატყდათ თავს”. – წერს საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე.

„მიუხედავად იმისა, რომ სვიფტს რამდენიმე დღეში გაუთიშავენ, თანაც ჯერ მხოლოდ რამდენიმე ბანკს, თავად ამ ინფორმაციას მოჰყვება შესაბამისი შედეგები. ე.წ. მოლოდინებიც კი მძიმე იქნება. რუსეთში სულ 335 ბანკია. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ უმეტესობას ჯერ არ შეეხებიან, თუ გავითვალისწინებთ რა აქტივებს ფლობენ და რა როლი უკავიათ რუსეთის ეკონომიკაში იმ ბანკებს, რომლებსაც სანქციები შეეხო, ფინანსური შოკი გარდაუვალია”. – ამბობს ის.

მისი თქმით, რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების გაყინვაც უპრეცედენტო ფაქტია – „ასეთი რამ მხოლოდ ავღანეთს, სირიას, ვენესუელას და ირანს დამართეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამისთვის ემზადებოდა, რაც დასავლეთმა გააკეთა სრული მოულედნელობა აღმოჩნდა. დარტყმა მიიღო იქიდან, საიდანაც არ ელოდა-ევროსაგან(ევროპისაგან).

რუსეთმა თავისი რეზერვების დიდი ნაწილი განარიდა დოლარს-იყიდა ოქრო, რომელიც თავისი ქვეყნის საცავებში განათავსა, ყიდულობდა ევროს, ჩინურ იუანს, მცირე რაოდენობით სხვა სარეზერვო ვალუტებსაც (ფუნტი, იენი, ფრანკი). თავი რომ ქუდში ეგონა, სწორედ ამ დროს მოხვდა თავში ევროკავშირისაგან, ევროში განთავსებული რეზერვებიც მიაყინეს.
მიუხედავად იმისა, რომ პროცენტულად გაყინული უცხოური ვალტის ოდენობა რუსეთის მთლიან რეზერვებში ნაკლებია იმაზე, რაც რუსეთის ცენტრალურ ბანკს დარჩა სხვა ფორმით, თავად ფაქტი და მომავალში ნავთობდოლარების განთავსების დივერსიფიცირების შეუძლებლობა უმძიმეს დღეში აგდებს რუსეთს, სხვა ფინანსურ სანქციებთან ერთად.

ამ პროცესის უკუშემობრუნებას დასჭირდება მრავალი წელი და რუსეთის ხოხვით მისვლა დასავლეთის ქვეყნებთან. მსგავსი სანქციები არის რუსეთის აგრესიის შეკავების (რიგში ჩვენ რომ ვყავართ,ამას არ უნდა დიდი მკითხაობა) იარაღი და არა კარასინ-აბაშიძე-ღარიბაშვის უდღეური “დიპლომატია”.

რაც შეეხება ჩინეთს, მისი ტექნოლოგიური სიძლიერე დასავლური ინვესტიციებით არის შექმნილი და დიდად არ გარისკავს რუსეთისათვის, აქტიურად არ წაახმარს თავის ფინანსურ(მათ შორის საანგარიშსწორებო) სისტემას” – წერს გოცირიძე.