ხვალ სასამართლოს შუამდგომლობით მივმართავთ, რომ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი - ადვოკატების მოთხოვნები

პუბლიკა

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატების აცხადებენ, რომ ხვალ, 13 თებერვალს, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ და მოითხოვენ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას.

ადვოკატებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიდევ რამდენიმე მოთხოვნა დაასახელეს:

  1. სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელსაც ხვალ დილას წარვადგენთ ჩვენ სასამართლოში და გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული ბარბაროსულად უკანონო აღკვეთის ღონისძიება, ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან;
  2. საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო და მანიპულირებული ბრალდების საქმე;
  3. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი;
  4. პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ამავე საქმეში;
  5. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ მზია ამაღლობელის უკანონოდ დაკავების და უკანონოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო;
  6. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ირაკლი დგებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის აქციაზე ციალა ქათამიძის ასევე უკანონო დაკავების გამო;
  7. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 11 – 12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.

მზია ამაღლობელი 32-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ თავდაპირველად ისაუბრა 2025 წლის 11 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავებაზე სტიკერის გაკვრის გამო. მან თქვა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, როდესაც პოლიციას აქვს უფლება დააკავოს კონკრეტული პირი, სტიკერის შენობის ღობეზე დროებითი განთავსება კი არ შეიძლება ჩაითვალოს იერსახის დამახინჯებად ან რაიმე ტიპის სამართალდარღვევად – „შესაბამისად ასეთ დროს საერთოდ გამორიცხულია პირის დაკავება, თუმცა თუ ასეთადაც შეაფასებდა პოლიცია მზია ამაღლობელის ქმედებას, პოლიციას მაინც არ ჰქონდა დაკავების განხორციელების უფლება, იმიტომ, რომ ამის უფლებას მას არ აძლევს კანონი“. შესაბამისად, იურისტების შეფასებით, 150-ე მუხლის საფუძველზე მზია ამაღლობელის დაკავება უკანონო იყო.

„შემდგომ, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს იყო სრულიად უკანონო ქცევა, მათ გააყალბეს დაკავების ოქმი და დაკავების ოქმში ჩაწერეს სხვა მუხლი, რომ თითქოს მზია ამაღლობელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და ოქმი გააფორმეს 173-ე მუხლით, რომელიც არის სრული სიცრუე და ეს ადასტურებს იმას, რომ ეს ოქმი შეიცავს ყალბ ინფორმაციას. შემდგომ სასამართლომ და პროკურატურამ ეს ფაქტი, გაყალბებული დაკავების ოქმი გამოიყენა იმისთვის, რომ გაემართლებინათ პატიმრობის გამოყენება მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე. აქვე აღსანიშნავია, რომ თითქმის ერთ თვეზე მეტია გასული რაც დაკავება მოხდა ადმინისტრაციული წესით, თუმცა ამ დრომდე არ არის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, არსებობს მხოლოდ დაკავების ოქმი. მზია ამაღლობელის მიმართ არ არის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, მხოლოდ დაკავების ოქმის არსებობს, რომლის კანონიერება ასევე გასაჩივრებულია“, – ამბობს ქურდოვანიძე.

ადვოკატებმა წარმოადგინეს ვიდეომტკიცებულებაც, რომელშიც ჩანს, რომ აქციაზე სამართალდამცველები ციალა ქათამიძისა მზია ამაღლობელის დაკავების საფუძვლად 150-ე მუხლს ასახელებენ, ორივე დაკავებული მათ ემორჩილება და მშვიდად შეჰყავთ განყოფილებაში.

ქურდოვანიძის თქმით, მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ამ დროისთვის იკვეთება, რომ გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს. მისი თქმით:

  • გამოძიება არ მიმდინარეობს სწორი კვალიფიკაციით – ნაცვლად 144-ე ტერცია მუხლისა (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) გამოძიება დაწყებულია 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება);
  • საგამოძიებო სამსახურს შსს-დან ამ დრომდე არ მიუღია სასამართლოს მიერ 22 იანვარს გაცემული განჩინების საფუძველზე ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის კამერების ჩანაწერები, ასევე კამერების ჩანაწერები არ გადასცემია გამოძიებას ბათუმის მერიისგან, საქმეზე დამაგრებული არაა სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გადაღებული კადრები;
  • გამოკითხულია ირაკლი დგებუაძე, რომელიც ოქმში უთითებს, რომ მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ ის პოლიციის ეზოში არც კი შესულია და დარჩა აქციაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს;
  • გამომძიებელმა პოლიციელები შემთხვევიდან 20 დღის შემდეგ გამოჰკითხეს, ჩვენებები შინაარსობრივად და სტილისტურად მსგავსია და ეჭვს აჩენს, რომ ჩვენებები ერთმანეთთან და ირაკლი დგებუაძესთან შეთანხმებულია.

ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ ამ დროისთვის ბრალდების მხარის მტკიცებულება მხოლოდ დაზარალებულისა და 6 პოლიციელის ჩვენებაა. მისივე თქმით, პოლიციელები უდასტურებენ ირაკლი დგებუაძეს, რომ სიწითლე ჰქონდა ლოყისა და ყურის არეში.

„ამ წუთას საქმეში ბრალდების მტკიცებულება არის მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და 6 პოლიციელის ჩვენება. დაზარალებული, რომელიც ამბობს, რომ მას ეტკინა, მას შემდეგ რაც გააწნეს სილა, და ჰქონდა შეწითლება ლოყის და ყურის არეში და 6 პოლიციელი, რომელიც უდასტურებს დაზარალებულს, რომ მას მართლაც ჰქონდა გაწითლებული ლოყა სახის და ყურის არეში. ეს არის მთელი ბრალდების მტკიცებულებები და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გამოძიებისთვის მტკიცებულება გახლავთ ის, რომ ბრალდებამ მიმართა აჭარის ტელევიზიას ვიდეო მასალის გამოთხოვაზე, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ჩვენ როცა მასალები ჩავიბარეთ, ესეც კი არ ჰქონდათ მიღებული, ვიდეო მასალა აჭარის ტელევიზიიდან, იმდენად არ ჩქარობს გამოძიება. მზიას პატიმრობის მოთხოვნამდე 2 პოლიციელი იყო დაკითხული, მზიას პატიმრობის მოთხოვნის შემდეგ 4 პოლიციელია დაკითხული. ანუ ბრალდების ეს მოთხოვნა, მზიას პატიმრობა საჭირო იყო იმისთვის, რომ ბრალდებას 4 პოლიციელი გამოეკითხა და 4 პოლიციელისთვის ეკითხა, სიწითლე ჰქონდა თუ არა ბატონ დგებუაძეს სახეზეო, ეს გახლავთ მთელი ბრალდება“, – თქვა მწარიაშვილმა.


„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 32-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.