არასამთავრობო ორგანიზაციამ, „სამართლიანმა არჩევნებმა“(ISFED) 2022 წლის 2 აპრილის არჩევნებამდე წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და ანგარიში მოამზადა.
ხვალ, 2 აპრილს, საქართველოში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.
არჩევნების გამართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მერად არჩევის გამო დეპუტატის მანდატი დატოვა, ხოლო ბათუმში საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.
ხვალ რუსთავი-გარდაბნის ოლქში 117, ბათუმში კი 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
ISFED წინასაარჩევნო გარემოს 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით აკვირდებოდა.
ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობდა, რაც დიდწილად უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა.
რუსთავი
რუსთავში „ქართული ოცნების“ სიით კენჭს ირაკლი შატაკიშვილი იყრის.
ოპოზიციიდან მის კონკურენტად თავდაპირველად „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე დარეგისტრირდა, ომის დაწყების შემდეგ მან თავდაპირველად არჩევნების გადადება მოითხოვა, შემდეგ კი მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტია რეალური კონკურენტის გარეშე დარჩა. ეს ასახული იყო წინასაარჩევნო გარემოსა და კამპანიაზე, რომელიც კონკურენციის გარეშე მიმდინარეობდა“, – წერია ანგარიშში.
ბათუმი
ანგარიშის მიხედვით, ბათუმში არჩევნები კონკურენტულია, რადგან მასში მონაწილეობს ენმ-ის გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის შვილი. არჩევნებში გამარჯვებული საკრებულოში უმრავლესობის ბედს გადაწყვეტს.
„ოცნებიდან“ ბათუმის არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატია რამაზ ჯინჭარაძე.
„საყურადღებოა ის გარემოება, რომ წინასაარჩევნოდ, ბათუმის #79.04 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნები უნდა გაიმართოს, ამომრჩეველთა რაოდენობა 497-ით, მათ შორის, უმისამართო ამომრჩეველთა რიცხვი (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) #89 უბანზე 371 ამომრჩევლით გაიზარდა. მისამართის გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უმეტესი ნაწილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია ერთ დღეს – 01.02.2022წ., რაც აჩენს ეჭვს პროცესის ორგანიზებულად განხორციელებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ ამ ოლქში 2021 წლის არჩევნები ოპოზიციურმა კანდიდატმა ორი ასეული ხმით გაიმარჯვა“, – წერია ანგარიშში.
არააქტიური კამპანიის გამო, ISFED-მა შედარებით ნაკლები დარღვევა აღმოაჩინა, თუმცა ორგანიზაცია წერს, რომ კვლავ პრობლემაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, პარტიასა და მმართველ გუნდს შორის ზღვრის წაშლა და წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროგრამისა და პროექტის წამოწყება.
ანგარიშის ამ ნაწილში ISFED, ძირითადად, ბათუმში თორნიკე რიჟვაძის აქტივობებს მიმოიხილავს.
- ანგარიშში მოხვდა პრემიერის მიერ 28 მარტს გამოცხადებული ბათუმის ავარიული სახლების მიზნობრივი პროგრამა;
- ბათუმში დასაქმების პროგრამის წამოწყება;
- 25 მარტს რიჟვაძე შეხვდა „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებს და მათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა და კანდიდატის კამპანიაც ჩაატარა;
- 29 მარტს რიჟვაძემ განაცხადა, რომ აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკის პროგრამა იწყება;
- 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასურს აჭარის მთავრობა დაუფინანსებს;
ანგარიშში მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ციხიდან. მან ბათუმელ ამომრჩეველს მათე ფუტკარაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან ფეისბუქის საშუალებით მიმართა ბათუმელ ამომრჩეველს, რომელმაც 2 აპრილს მე-4 მაჟორიტარულ ოლქში არჩევანი უნდა გააკეთოს და ოპოზიციური ერთობის კანდიდატის – მათე ფუტკარაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მას შემდეგ, რაც უკრაინის მოქალაქეობის მიღების გამო, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაფიქსირდა სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები“, – ნათქვამია ანგარიშში.