ხვალ ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას პოლიცია გააკონტროლებს

პუბლიკა

ხვალ, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ.

როგორც ცნობილია, 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რა დროსაც იკრძალება:

– „შეკრებებისა და მანიფესტაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია;

– ყველა ტიპის კულტურული  ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში;

„ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-16 პრიმა მუხლით იკრძალება საქართველოს კანონით – „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული წესების დარღვევა, რაც გამოიხატება კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების გამოყენებაში. აღნიშნული სამართალდარღვევა იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით“. – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო  მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, – „წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები“.