ხვალ-ზეგ შეიძლება თბილისში მოლოტოვის კოქტეილით ხელში ვიხილოთ - კალაძე ფონ კრამონზე

პუბლიკა

„არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება მოლოტოვის კოქტეილით ხელში ვიხილოთ დედაქალაქში“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარების მიერ „ქართული ოცნების“ მიმართ სხვადასხვა დროს გამოთქმულ კრიტიკას და ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ვიოლა ფონ კრამონის მისვლას.

„ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ამ დამიანებს, ვინც დღეს ევროპის სახელით გველაპარაკებიან, საერთოდ ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. საერთოდ, მე ერთეული ევროპარლამეტარების განცხადებებიც მინდა აქ შემოვიტანო, იმიტომ, რომ მართლაც შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, რასაც ეს ადამიანები კადრულობენ.

არ ვიცი, იგივე ვთქვათ, ოპოზიციის მიტინგებზე მისვლა, იმ ქალბატონის სახელი და გვარი არ მახსოვს, მე გულწრფელად ვამბობ, არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება მოლოტოვის კოქტეილით ხელში ვიხილოთ დედაქალაქში. არც იმას გამოვრიცხავ, ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს.

ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, არც ეს ქალბატონი, გვარი არ მახსოვს, ვიოლა, არ არის ევროპა და არც რომელიმე ევროპარლამენტარი, კაცო. ჩვენ ევროპულ ღირებულებებს ვიცავთ და ვიცით, რა არის ფუნდამენტური ევროპული ღირებულებები – ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება. რომელი ერთი არ არის დაცული ჩვენს ქვეყანაში?!“ – განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.