ხვალიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ბასლეინებში კერძო ტრანსპორტის მოძრაობა დაიშვება - ვიცე-მერი

პუბლიკა

დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნისთვის გადაადგილება ესაჭიროება, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებული, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში, ე.წ. ბასლეინებში, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება.

ხმალაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, ტრანსპორტის მომატებულ ნაკადს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს.

„მას შემდეგ, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა, კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენ მიერ შემუშავებული საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების აუცილებლობას“, – აღნიშნა ვიცე-მერმა.