ხვალიდან „გავლენის აგენტების“ კანონპროექტების საკომიტეტო განხილვა განახლდება - მოსმენას პარლამენტში და პარლამენტთან გააპროტესტებენ

პუბლიკა

ხვალ, 6 მარტს, 09:30-ზე საქართველოს პარლამენტში ე.წ. გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა განახლდება.

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პრორუსული მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტებს I მოსმენით ამჯერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

საკომიტეტო განხლვის პარალელურად პროტესტია დაგეგმილი როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტის გარეთ.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით პარლამენტის წინ გაიმართება აქცია „არა რუსულ კანონს!“

„რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა შევაცილოთ სირცხვილის დერეფნით! მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში რუსული კანონის მიღება არ გამოუვათ. მათ უნდა დავანახოთ, რომ საქართველოში ისინი მშვიდი სინდისით ვერ ისეირნებენ! დავიწყოთ ორშაბათის დილა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად! გელოდებით ყველას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, დილის 9 საათზე“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ხვალიდენლ სამოქმედო გეგმაზე სამსჯელოდ შეიკრიბა დღეს საპარლამენტო ოპოზიციაც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ყველა საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფს აქვს ერთი აზრი – არ უნდა დაუშვან საქართველოში რუსული კანონის მიღება.

„კონკრეტულ გეგმაზე საუბარი არ არის მართებული. არ ვართ ისე განწყობილები, რომ არ დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი. დავაფიქსირებთ პროტესტს და ყველა შესაძლო ფორმას მივმართავთ, რათა კომიტეტის სხდომაზე ხალხმა გაიგოს, რომ რუსული და რეპრესიების კანონია“, – აღნიშნა მან.

„ლელოს“ წარმომადგენელს, ანა ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ კანონპროექტის პროტესტი უნდა გაფართოვდეს და გაგრძელდეს.

„ეს მულტიფუნქციური პროტესტი არ არის მხოლოდ ერთი დღის პროტესტი და წინააღმდეგობა, რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოში უნდა გაიშალოს ერთიანი ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი და იყოს ყველგან, კომიტეტზეც, მედიაშიც, სამოქალაქო ჯგუფების მხრიდანაც, ქუჩაშიც, ყველგან, სადაც ადამიანები ვარსებობთ, პროტესტის ხმა უნდა ისმოდეს. ეს არის ერთადერთი, რასაც შეუძლია შეაჩეროს საქართველოს მეორედ გასაბჭოება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირა მოძრაობა „ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“

კანონპროექტების განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობაში და გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. დღის ბოლომდე პოლიციამ პარლამენტის გარეთ აქციის 36 მონაწილე დააკავა. მათ შორის იყვნენ “ტაბულის” და “პუბლიკის” ჟურნალისტები.