ხვალიდან პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდება – ვიცე-მერი

პუბლიკა

დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის ავტობუსების ახალი ქსელი წარადგინა. როგორც ვიცე-მერმა განაცხადა, მიმდინარეობს 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა. პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი და მისი მკვებავი საქალაქო და საუბნო მარშრუტები მიმდინარე წლის ხვალ, 24 ოქტომბერს ამოქმედდება.

პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა თითოეული დერეფნის მარშრუტის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.

მარშრუტები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • სწრაფი სატრანზიტო საავტობუსე მარშრუტი N301 – პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 11 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.
  • საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 332 – ნუცუბიძის IV მ/რ -დან „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 10 ავტობუსი 12-წუთიანი ინტერვალით.
  • საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 385 – ვაკის და საბურთალოს რაიონში. მარშრუტზე წრიული პრინციპით იმოძრავებს 7 ავტობუსი 6-წუთიანი ინტერვალით.
  • საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 334 – წყნეთიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 8 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.
  • საუბნო მარშრუტი N 401 – მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 5-წუთიანი ინტერვალით.
  • საუბნო მარშრუტი N 402 – ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩა. მარშრუტზე იმოძრავებს 2 მიკროავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.
  • საუბნო მარშრუტი N 404 – მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 7-წუთიანი ინტერვალით.
  • საუბნო მარშრუტი N 405 – ნუცუბიძის V მიკრორაიონიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე 5-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი.
  • საუბნო მარშრუტი N 447 – აბულაძის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე 6-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი.
  • საუბნო მარშრუტი N 466 – შატბერაშვილის ქუჩიდან, „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე 4-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 12 მიკროავტობუსი.
  • თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მთავრობის მიზანი არის მოქალაქეებისთვის ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესება.

„სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე იმოძრავებს 12-მეტრიანი და მომავალი წლიდან უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები; საქალაქო მნიშვნელობის მარშრუტებზე მოძრაობს 8 და 10 მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე 6-მეტრიანი ე. წ. მიკროავტობუსები, რომლებიც თბილისის მერიამ ჩვენი მოსახლობისთვის ახლახან შეიძინა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მერიის ცნობით, ახალი საავტობუსე ქსელის გაშვებით, საშუალო მოცდის დრო შემცირდება 7 წუთამდე (მინ. 3 წთ/მაქს. 15წთ.), ხოლო ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა გაიზრდება 2.5-ჯერ. შესაბამისად, თბილისის მერიის ინფორმაციით, 1 საათში გადასაყვანი მგზავრების ტევადობა 27 000-დან ავიდა 67 800 ერთეულამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქეებისთვის მცირდება მგზავრობისა და მოცდის დრო.

მერიის განცხადებით, 2020 წლის 24 ოქტომბერს ახალი მარშრუტები ემატება დღეისათვის მოძრავ მარშრუტებს; ახალ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებში და მიკროავტობუსებში თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათის საშუალებით, მგზავრობის დასაწყისშივე; ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს მოქმედებს მიკროავტობუსების ბაზარზე სისტემა, სადაც მძღოლის შემოსავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენჯერ გაივლის მარშრუტს. შესაბამისად, ხდება გრაფიკიდან გადაცდომა. ყველას გვისარგებლია მიკროავტობუსით და მგზავრების რაოდენობა ყოველთვის არის გადაჭარბებული. ჩვენ მიკროავტობუსებში, რომელიც ახალი სისტემით იმოძრავებს, ხელფასს მივცემთ ფიქსირებულად, ხოლო გრაფიკიდან გადაცდომასა და მგზავრების რაოდენობას გავაკონტროლებთ GPS და მგზავრთა მთვლელი სისტემების გამოყენებით“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მერიის ცნობით, ავტობუსების პარკის განახლების მიმდინარე პროცესის ფარგლებში: უკვე შემოყვანილია 550 ახალი ავტობუსი; როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, მომავალი წლის პირელ კვარტალში დასრულდება დამატებით 12-მეტრიანი 130 ავტობუსის შემოყვანა, ხოლო 2021 წლიდან ამ რაოდენობას 18-მეტრიანი 200 ავტობუსი დაემატება.