დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე სამომავლო გეგმები დაანონსდა. საზმაუს თანამშრომელთა ნაწილი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ღია ეთერს მოითხოვენ – დღეს აქციაზე გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რომ ხვალიდან საზმაუს წინ სახალხო ტელევიზიას მოაწყობენ და იქ ისაუბრებენ თემებზე, რომლის განხილვასაც პირველი არხის ეთერიდან მოითხოვენ.
„სანამ ამ დღის ეთერს არ დაგვიკმაყოფილებენ, ჩვენ ვგეგმავთ, ხვალიდან სახალხო ტელევიზია მოვაწყოთ ტელევიზიის წინ და ზუსტად აქ გაიმართოს ის გადაცემები და დისკუსიები, რომლებიც ჩვენ გვინდა, რომ შუქდებოდეს შიგნით, ამიტომ, ტელევიზია ტელევიზიის წინ – ხვალიდან. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. ამისთვის ვემზადებოდით და ხვალიდან პირველი ეთერი მოეწყობა ზუსტად ამ კიბეებიდან და მეტწილად დაეთმობა ჩვენს პროტესტს და ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს, რომლებზეც მეშახტეები თავად ისაუბრებენ.
მეორე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი ხმა. ამ ტელევიზიის შიგნით მათი მესვეურები ძალიან ამაყობენ ევროპის მაუწყებელთა კავშირით, ამიტომ მივაწვდინოთ მათ ხმა და ვუთხრათ, თუ რა ხდება აქ. მესამე – იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ ამ ტელევიზიის მნიშვნელობას, დავუკავშირდეთ ყველანი სხვადასხვა მარშს, რომლებიც დღის განმავლობაში ეწყობა და საპროტესტო კერად გადავაქციოთ ეს სივრცე და სხვადასხვა მარში მოვიდეს აქ“, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა [79 თანამშრომელი] პოლიტიკური დისკუსიებისთვის დღის ეთერის გახსნა მოითხოვა.
23 დეკემბერს, 13:00 საათზე მათ ტელევიზიის შენობის წინ განცხადება წაიკითხეს და არხის მენეჯმენტს მოუწოდეს, „ამ კრიტიკულ დროს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნას და გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი”.
მათი თქმით, არაერთი საჯარო მიმართვისა თუ ოფიციალური წერილის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ტექნიკური მიზეზით ეთერს არ ხსნის, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ნების შემთხვევაში, ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია.