ხვალიდან სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება - ჩიქოვანი

პუბლიკა

ხვალ, 17 აპრილს დღის 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად გარკვეული აკრძალვებისა, მოძრაობა მაინც ინტენსიური რჩება, რაც ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია.

„მინდა დავაზუსტო, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება, ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტები, რომლიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, და ასევე მუშაობას აგრძელებს ე.წ. მიტანის სერვისები”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში.

„პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 000 ლარით”, – ამბობს ჩიქოვანი.