ხვიჩა კვარაცხელია 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში არ ითამაშებს

პუბლიკა

„21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები“, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის” ქართველი თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია Facebook გვერდზე წერს.

მისი თქმით, რთული სეზონისა და სპორტული მიზეზების გამო ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ დაეხმარება, თუმცა სრულად არის კონცენტირებული საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ.

„დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემ გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში.