ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ - GFF

პუბლიკა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს.

„საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადებას განაგრძობს. საქართველოს ნაკრებმა უახლოესი მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 29 ფეხბურთელის შემადგენლობით თბილისში, 9 ნოემბრიდან დაიწყო.

საწვრთნელ შეკრებამდე, ფეხბურთელებისთვის ჩატარებულმა COVID-19-ის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და გუნდმა ვარჯიში პროტოკოლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად დაიწყო.

უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სავალადებულო ტესტირება მოხდა. აღნიშნული ტესტების შედეგი, პროტოკოლის შესაბამისად, მიეწოდება ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს.

10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.


საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვალ ჩრდილო მაკედონიის ნაკრებთან ისტორიული მატჩი აქვს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელს გამოავლენს.

მატჩი 12 ნოემბერს, 21:00-ზე დაიწყება.

ნაკრები მატჩის წინ ბოლო ვარჯიშს „დინამო არენაზე“ დღეს გამართავს.