ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს გამომცემლობა რუსულადაც თარგმნის

პუბლიკა

გიორგი კეკელიძის წიგნის – „ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი“ რუსულ ენაზე თარგმნა უკვე დაწყებულია. წიგნს გამომცემლობა „არტანუჯი“ რამდენიმე თვეში გამოსცემს.

როგორც გამომცემლობის დირექტორი ზვიად კვარაცხელია „პუბლიკას“ ეუბნება, წიგნი საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი მკითხველისთვის ითარგმნება. გაიყიდება საქართველოში და მათ შორის, რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ექნებათ წიგნის შეძენის შესაძლებლობა. წიგნის გარეკანზე იქნება წარწერა „საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“. გამომცემლობის დირექტორის, ზვიად კვარაცხელიას თქმით, წიგნი რუსეთში არ გაიყიდება.

„წიგნი საქართველოში გაიყიდება. გამომცემლობა „არტანუჯს“ არ აქვს უცხოური ბაზარი. საქართველოში დაბეჭდილი წიგნის უცხოეთში გატანის უფლება არ გვაქვს. მითუმეტეს, რუსეთში გატანის არანაირი სურვილი. ჩვენ არ გვინდა, რუსეთში ეს წიგნი გამოიცეს და რუსული პოლიტიკის ნაწილი გახდეს. ამიტომ გამოიცემა საქართველოში. წიგნის გარეკანზე დაიწერება, რომ საქართველოს მიწების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოში ბევრი რუსულენოვანი მკითხველია, აზერბაიჯანელები, სომხები, რომლებსაც აინტერესებთ და სურთ წაიკითხონ წიგნი ხვიჩა კვარაცხელიაზე. ასევე, სტუმრები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში და იციან რუსული ენა“, – ამბობს ზვიად კვარაცხელია.

მისივე თქმით, წიგნის გამოცემა ჩაფიქრებული გზავნილით „დადებით როლს შეასრულებს“.

„ისეთ მნიშვნელოვან და გამორჩეულ ფიგურაზე დაწერილი წიგნის გამოცემა იმ გზავნილით და იმ მესიჯით, როგორც არის ჩაფიქრებული, მე ვფიქრობ ამ პროცესში თავის დადებით როლს შეასრულებს“, – ამბობს „არტანუჯის“ დირექტორი.

როგორც წიგნის ავტორმა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში თავადვე დაწერა, რუსული გამომცემლობებისგან წიგნის თარგმნასთან დაკავშირებით მიიღო არაერთი შეთავაზება, თუმცა ავტორმა ყველას უარი უთხრა. ამასთან, კეკელიძე წერს, რომ საავტორო ჰონორარი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილების სტიპენდიაში გადაირიცხება.

„საავტორო ჰონორარს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებისთვის დაწესებული სტიპენდიის დანამატად ვაქცევთ“, – წერს გიორგი კეკელიძე.

გიორგი კეკელიძის წიგნი „ხვიჩა – ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“ გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა. წიგნი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური საფეხბურთო კლუბის „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას  შესახებ გვიყვება. წიგნის ავტორის თქმით, ეს ნაწარმოები ასევე არის საქართველოზე და ჰყვება ქართულ ფეხბურთზე.