ხვიჩია: არ ვაპირებთ ბრძოლას „ბიბლიური თავისუფლებისთვის“, ვიბრძოლებთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებისთვის

პუბლიკა

„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარტია არ აპირებს ბრძოლად „ბიბლიური თავისუფლების“ გადარჩენისთვის, ისინი იბრძოლებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებისთვის.

ხვიჩია ამბობს, რომ ორგანიზაციის მიზანი ხალხის უანგაროდ დახმარება იყო, თუმცა მათ ხალხის მხარდაჭერა ვერ მიიღეს.

„ამ პროცესს ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და გვაინტერესებს, სადამდე წავა ეს ამბავი, თუმცა, არ ვაპირებთ ბრძოლას „ბიბლიური თავისუფლების“ გადარჩენისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით ამას, რაც ავტომატურად გამოიწვევდა „ბიბლიური თავისუფლების“ გაუქმებას…

პოლიტიკურად ჩვენ გვამძიმებს „ბიბლიური თავისუფლება“ და ისიც გვამძიმებს, რომ დაუმსახურებელი ლანძღვა მივიღეთ, გვინდა, საზოგადოებამ დაინახოს, რისგან იცავდა მათ ბიბლიური თავისუფლება. როცა „ბიბლიური თავისუფლება“ მოქმედებდა და იცავდა ხალხს, როგორც ჩანს ეს კარგად ვერ დაინახეს, რადგან ქართველმა ხალხმა მხარი არ დაგვიჭირა არჩევნებზე და ღარიბაშვილს მისცა საშუალება ეს თემა წამოეწყო.

ღარიბაშვილს ვეტყვი თავისივე არგუმენტითაც: „ბიბლიური თავისუფლება“ რომ უმსგავსი და ანტიეროვნული ყოფილიყო, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მსგავს ორგანიზაციას არ გააკეთებდნენ, მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაახლოებულ ადამიანებს აქვთ მსგავსი ორგანიზაცია,“- განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მუშაობენ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გამორიცხავს „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის დახმარებით სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებას.