ხვიჩია მედიასა და არასამთავრობოებზე: მეტის ღირსები არიან და ამას იმსახურებენ

პუბლიკა

უცხოური გავლენის აგენტის შესახებ უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა. ბიუროზე კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს დეპუტატებმა, მათ შორის – „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.

„ზოგადად, რაც ახლა ხდება, ენჯეოშნიკებსა და მედიებთან მიმართებაში ეს უკვე მოხდა პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში, ჩვენი ფინანსები ზუსტად ისე კონტროლდება, ზუსტად იმ არგუმენტაციით ხდება პოლიტიკის გაკონტროლება, როგორც ახლა ენჯეოშნიკების შემთხვევაში. ზოგადად, მე მიმაჩნია, რომ იმ ენჯეოშნიკებს და მედიასაშუალებებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ პოლიტიკოსების ისე შეზღუდვას, როგორც ახლა თავის თავზე არ მოსწონთ, ეგენი ღირსებიც კი არიან და ამას იმსახურებენ.

როცა პოლიტიკოსებს უზღუდავდნენ, მაშინ პირიქით ითხოვდნენ ახალ-ახალ შეზღუდვებს და ახალ-ახალი კონტროლის მექანიზმებს.

ხალხის ძალის ამ კანონპროექტმა რით დაიმსახურა უფრო მეტი ყურადღება, რომ ახლა სასწრაფოდ ვიხილავთ, ვიდრე იმ კანონპროექტებმა, რომლებიც ერთი  წლის წინ შემოვიტანეთ განსახილველად და ეხება ადამიანების უკანონო პატიმრობას. მე ბირჟა მაფიას კანონპროექტს ვგულისხმობ. რატომ ხდება რომ იმ კანონპროექტს არ ვიხილავთ ერთი წელია და ამ სისულელეს, რომელიც ჯერ პოლიტიკოსებს გაგვიჩალიჩეს ენჯეონიშკებმა და თქვენ ახლა პირიქით უჩალიჩებთ, მე არ მივიღებ ამაში მონაწილეობას და მაგრამ წინააღმდეგი არ ვარ თქვენ რომ გაუჩალიჩოთ.“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა, მმართველი პარტია არ ემიჯნება. კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთა დაფინანსების გარკვეული ნაწილი უცხოეთიდან არის მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ. ასევე, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება. ასევე, სამინისტროს მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება. სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს.

ვენეციის კომისიის განმარტებით, „უცხოური აგენტის“ ტერმინი აბრუნებს კომუნისტურ პერიოდში გამოყენებულ რიტორიკას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, აზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ აქტივობებს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებით, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, „უცხოური აგენტი“ შეიძლება ასოცირებულ იქნას „უცხოელ ჯაშუშთან“ და „მოღალატესთან“, რაც გაართულებს მსგავსი დახასიათების ქვეშ მოქცეულ პირებთან საზოგადოების და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას და შედეგად, მათ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, ამ ტერმინის გამოყენება გაერთიანების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა, რამდენადაც ქმნის განცდას, რომ შესაბამისი ორგანიზაციები უცხოურ კონტროლს ექვემდებარებიან.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან უნგრეთის მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან და სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნია.