ხვიჩია „ოცნების“ ახალ ინიციატივაზე: სავარაუდოდ, აპირებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას

პუბლიკა

„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საბოლოოდ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გზა იქნება.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ მთავრობა ზრუნავდეს ევროინტეგრაციის პროცესში არსებული პრობლემების გადაჭრაზე, არარსებული საჭიროების თემა მოიგონეს.

„ზოგადად, ვერასდროს წარმომედგინა, თუ მთავრობის საქმე ადამიანების უკანალის დაცვა იქნებოდა. მგონი, ჩვენი მთავრობა ერთადერთია სამყაროში, რომელმაც ჩათვალა, რომ მისი მთავარი კომპეტენციაა, რაღაცნაირად გაუფრთხილდეს ამ ღირებულებასა და სიკეთეს. მინდა, წარმატება ვუსურვო ამ ყველაფერში. ვიცი, რომ ამ მიზნით – ადამიანების უკანალები დაიცვან, საბოლოო ჯამში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მოიფიქრებენ. მათ განცხადებაში ასე იგრძნობოდა.

მოგეხსენებათ, პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და ყველაფერში ვითხოვთ მთავრობის დახმარებას, მაგრამ ეს ერთადერთი საკითხია, როცა ქართველ ხალხს მთავრობისთვის არ გვითხოვია დახმარება. არ გვითხოვია, დაგვეხმარეთ ჩვენი სხეულის ნაწილების დაცვაშიო. ასეთი არც თხოვნა და არც საარჩევნო დაპირება ყოფილა. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა მართლა ზრუნავდეს ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მოიგონეს არარსებული საჭიროების თემა – ქართველი ხალხის უკანალების დაცვა და შეუდგნენ ამ ფუნქციის განხორციელებას. ეს ცოტა სასაცილო მგონია, მაგრამ მთლად ირონიულიც არ არის. სავარაუდოდ, ამ მოტივით აპირებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. დავაკვირდებით, ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით, თან ეს ისეთი პროცესია, ამ პროცესში ჩართული მთავრობა სულ სხვანაირად არის სანახავი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.


29 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც„ საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ „ფესვდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდას“ აქტიურად უნდა დაუპირისპირდნენ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოიყენონ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 1 მარტს განაცხადა, რომ მას ესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთება და თუ რაიმე ფორმით საჭირო იქნება მთავრობის ჩართულობა, შეიძლება, მათაც მიიღონ ამაში მონაწილეობა.