სახალხო დამცველობის კანდიდატი, „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სახალხო დამცველად მისი არჩევის შემთხვევაში ის „კანონიერი ქურდების“ უფლებებს დაიცავს, რადგან მიაჩნია, რომ „ქურდული სამყაროს შესახებ“ კანონმა ადამიანთა რწმენის თავისუფლება შეზღუდა.
„მინდა დავაანონსო ერთი-ერთი კანონპროექტი და მოგიყვეთ მოკლე ისტორია ამის შესახებ. ეს კანონპროექტი შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან ეპატაჟურია, ბევრი ადამიანის მხარდაჭერით შეიძლება სარგებლობდეს არსებული ნორმები, მაგრამ 2005 წლის ბოლოს და 2006 წლის დასაწყისში, როცა ეს კანონი განიხილებოდა, უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და ვუყურებდი ამ კანონის განხილვის პროცესს პარლამენტში.
საქმე ეხება „ქურდული სამყაროს შესახებ“ კანონს.
ამ კანონით ჩვენ, ფაქტობრივად, ადამიანის რწმენის თავისუფლება შევზღუდეთ. ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ, იმის მიუხედავად, შევძლებთ თუ არა კონკრეტული ქმედების დამტკიცებას, იმის მიუხედავად შევძლებთ თუ არა დამტკიცებას, რომ ადამიანს ორგანიზებული ბანდა ჰქონდა შექმნილი ან იყო თუ არა ორგანიზატორი, წამქეზებელი, დამხმარე.
იმის გამო, რომ ის რაღაც რწმენას აღიარებს, რაღაცის სჯერა, ქართული კანონმდებლობით გამოვაცხადეთ კრიმინალებად. ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში. ფაქტობრივად, ამ კანონის მიღებით ჩვენ შემოვიღეთ სასჯელის ახალი ფორმა, რომელიც ისე არ გვაქვს და აკრძალულია ქვეყნის კონსტიტუციით, ეს არის ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევა. თუ თავს არ მოვიტყუებთ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ე.წ. ქურდებთან ბრძოლა 2 ათწლეულის განმავლობაში, სინამდვილეში ახალი სანქციის გამოკვეთას ისახავს მიზნად, მოქალაქეობის ჩამორთმევას, ეს არის ქვეყნიდან გაძევება. ჩვენ არ ვაძლევთ ამ ადამიანების ოჯახის წევრებს მოსვენებას, არ ვაძლევთ დაბადების მოწმობებს ამ ადამიანების შვილებს…
ჩვენ დროზე უნდა შევცვალოთ ასეთი დამოკიდებულება. ადამიანი უნდა დაისაჯოს მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო და არა იმ რწმენის გამო, რომელიც სჯერა. მე, როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატი, ჩემი არჩევის შემთხვევაში, ვიბრძოლებ ამ ადამიანების უფლებებისთვის, თუმცა არა იმიტომ, რომ რომელიმე მათგანს ვიცნობ. მინდა, საჯაროდ დავაფიქსირო, რომ არცერთ „კანონიერ ქურდს“ არ ვიცნობ პირადად. არავის ცნობა არ მჭირდება იმისთვის, რომ უსამართლობა დავაფიქსირო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.