ხვიჩია ოპოზიციას: ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის გადაუწყვეტლად ნუ შეძვრებით პარლამენტში

პუბლიკა

„მინდა ვთხოვო ჩვენს ოპოზიციონერებს, ნუ დახურდავდებიან პატარ-პატარა საკითხებზე და პარლამენტში ნუ შეძვრებიან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის გადაუწყვეტლად“,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ხვიჩიამ ასევე ისაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ და განაცხადა, რომ „გირჩს“ არ მოსწონს წარმოდგენილი დოკუმენტი და თუკი ოპოზიცია მას ხელს მოაწერს, ეს „ოპოზიციის კაპიტულაციას“ ჰგავს, რადგან დოკუმენტი შინაარსობრივად ძალიან ზოგადია და დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განმარტავს თითოეულ პუნქტს ხელისუფლება.

„მინდა ვთხოვო ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ ნუ დავიხევთ უკან იმ პოზიციებიდან, რომელიც ჩვენ გვქონდა ფასილიტატორებთან, ფასილიტატორებთან რაც ყველაზე კარგი იყო, იყო ის, რომ ყველაფერი გასაგები და კონკრეტული იყო და ამ დოკუმენტს რაც აკლია, მაგალითად – მასშტაბური საარჩევნო რეფორმა, ძალიან ზოგადი ჩანაწერია…. როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობას ეხება საქმე, მე მინდა, რომ ყველაფერი დეტალურად იყოს გაწერილი, იმიტომ რომ ეს არ არის ის ხალხი, რომელსაც ჩვენ ვენდობით. თუ იტყვიან ისინი – მასშტაბური საარჩევნო რეფორმა, იქ აუცილებლად უნდა ეწეროს, რომ იქ არის დაბალი საარჩევნო ბარიერი, ეს არის გამჭვირვალე არჩევნები, რაღაც ეგეთი უნდა იყოს, ერთი ნაბიჯით მაინც უფრო ცხადი. ქართულ ოცნებას შეუძლია თქვას, რომ აი ის რასაც ახლა ელისაშვილთან ერთად აკეთებს წარადგინოს ორ კვირაში ბრიუსელში და თქვას რომ მასშტაბური საარჩევნო რეფორმა განვახორციელეთ, დავიწყეთ ამის განხორციელება და აი ოპოზიცია დესტრუქციული ხალხი ამაზე არ მოგვყვებიან. ეს არ მოიცავს თავის თავში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საუბარს, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იყო მთელ ამ პროცესში. მე ეს მინდა ვთხოვო ოპოზიციას, ჩვენ რომ გუშინ იქ ვყოფილიყავით და სანდროს იქ შესვლა გამოსულიყო , ჩვენ აუცილებლად დავაყენებდით ამ საკითხს და ვიტყოდით, სად გაქრა ის პუნქტი რომელზედაც ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება მიღწეული ოპოზიციას და ხელისუფლებასაც არ უთქვამს, რომ ეს წითელი ხაზია და ამავდროულად ყველას გვესმის რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი“,- ამბობს ხვიჩია

იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ნიკა მელიას და გიორგი რურუას ციხიდან გამოშვებაა, იქამდე კი პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე საუბარი უშინაარსოა. მეორე საკითხი კი პროპორციული არჩევნებია.

„მელიას საკითხი არის ტესტი, უნდა თუ არა ხელისუფლებას შეთანხმება, თუ ხელისუფლებას შეთანხმება არ უნდა, მაშინ გყავს მელია დაჭერილი და უბრალოდ უხერხულია რამეზე შეთანხმდე ასეთ ხელისუფლებასთან. ამის შემდეგ ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით იმიტომ, რომ ეს არის გარანტია ფაქტობრივად იმისი, რომ არავინ ერთპიროვნულად არ მოაჯდება საქართველოში ხელისუფლებას…. მე მინდა ვთხოვო ჩვენს ოპოზიციონერებს, რომ ამ საკითხს ნუ დაივიწყებენ, ნუ დახურდავდებიან პატარ-პატარა საკითხებზე და პარლამენტში ნუ შეძვრებიან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის გადაუწყვეტლად“,- ამბობს იაგო ხვიჩია.