„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ რაც ხალხმა სოხუმში გააკეთა, იგივე უნდა გაკეთებულიყო აქაც, ნაცვლად „უაზრო ენჯეო აქტივიზმისა და ხალხის წინ და უკან ტარებისა“.
„ეს ყველას ესმის აქაც, მაგრამ ან ქართველ პოლიტიკოსთა მიზანია სხვა და ან გამბედაობის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე (რბილად რომ ვთქვათ).
ამიტომ არ გამოჰყავთ ჩვენთან ხალხი ქუჩაში სერიოზული საქმისთვის, უბრალოდ გამოიყვანენ და ელაზღანდარებიან.
სოხუმში კი ხალხი მართლა საქმის გასაკეთებლად და საჩხუბრად არის გამოსული და არა საცეკვაოდ და სათამაშოდ.
ასე გაბრაზებული როცა გამოვალთ და მოვითხოვთ რამეს, მაშინ მივიღებთ შედეგს და არა მაშინ როცა გასართობად ვიკრიბებით და თან გვინდა რო პუტინი დავამარცოთ ცეკვა თამაშით.
როგორი უნდა იყოს სერიოზული აქცია, როგორც ჩანს, ეს მაინც სასწავლი გვაქვს და დავაკვირდეთ“, – წერს იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში.
დღეს, 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. მთავრობა „საინვესტიციო შეთანხმების” რატიფიცირებას გეგმავდა. საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, სესია არ შედგა. სიტუაცია დაიძაბა გარე ტერიტორიაზეც, სადაც მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტის ღობე მოანგრიეს და რამდენიმე საათის შემდეგ შენობაც დაიკავეს.
როგორც Ekho Kavkaza წერს, ასლან ბჟანიას პრესსამსახური იუწყება, რომ მისი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს „საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ” პროექტის უკან გაწვევის შესახებ.
მანამდე გავრცელდა ე.წ. ოპოზიციის განცხადება, რომლებიც ამბობენ, რომ „მომიტინგეთა ქმედება არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ“.
„პირიქით, ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ყოველთვის ვუსვამდით ხაზს ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური და სტრატეგიული კავშირების მნიშვნელობას. თუმცა ასლან ბჟანია, მთელი მმართველობის დროს, ამ ურთიერთობების გამოყენებას საკუთარი ანგარებიანი ინტერესებისთვის ცდილობდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.