იაგო ხვიჩიას თქმით, „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილთან დადებული პირობის შესასრულებლად და იქ გასაშვებად ემზადებიან, სადაც არჩევნებამდე იყო.
„ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილთან დადებული პირობის შესასრულებლად და იქ გასაშვებად ემზადებიან, სადაც არჩევნებამდე იყო, ასე ნელ – ნელა გვაპარებენ – პოლარიზაციის შემცირების გზად ეს გამოდგება”, – ასე ეხმაურება „გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია სტრასბურგში პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მმართველი გუნდის შეხვედრას ევროპარლამენტარებთან.
მისი თქმით, მიესალმება, თუკი მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვებენ.
„ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ევროპარლამენტარებზე არის საგზალი „ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის, ვინც საქართველოში არიან, ხოლო ირაკლი კობახიძის სტრასბურგში გაკეთებული განცხადება განკუთვნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, სადაც თავს აჩვენებენ, რომ თითქოს ევროპული ღირებულებების მიმდევარი და ერთგული მთავრობა გვყავს”, – განაცხადა ხვიჩიამ.
ევროპარლამენტარებთან შეხვედრების შემდეგ მედიისთვის კომენტარი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრებისას საუბარი შეეხო ყველა მიმდინარე თემას.
„ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, რომელიც უკავშირდება შიდა პოლიტიკას, მათ შორის საუბარი შეეხო სააკაშვილის თემასაც – მისი გადაყვანის, შიმშილობის თემას. ვისაუბრეთ ზოგადად, შიდა პოლიტიკაზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე, ჩვენ როგორც ვხედავთ შიდა პოლიტიკის განვითარებას, ჩვენი ინფორმაცია გავუზიარეთ. ყველა ჩვენი მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკურ სისტემაში და ამისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას.