ხვიჩიას აზრით, „აგენტების“ კანონპროექტი „თავდაცვის კოდექსისგან“ ყურადღების გადასატანად მომზადდა

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია „აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას ამჯერად აცხადებს, რომ ის პროპუტინისტურია და მმართველი პარტია მას არ მიიღებს.

„ეს პროპუტინისტური კანონპროექტია, ამას არ მიიღებენ და ეს ჯარის რეფორმის თემიდან ყურადღების გადასატანად არის. ამას პირველი მოსმენით მიიღებენ და ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან. შემდეგ მისი ბედი გაუგებარი იქნება.

…კანონპროექტი შეგნებულად არის პროპუტინისტური, რომ ამას დისკუსია გამოეწვია. თუ ამ კანონს მიიღებენ, მასზე ვეტო, რა თქმა უნდა, დასადებია, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ, ვენეციის კომისიაში გააგზავნიან და წავა ეს კანონი მოუსავლეთში. მაგრამ ამ დროს ჩავლილი იქნება ჯარის რეფორმა და თქვენს ოპერატორებს, შეყვარებულებს, საყვარლებს იძულებით წაასხამენ ჯარში”,- განაცხადა ხვიჩიამ.

20 თებერვალს „უცხოური გავლენის აგენტის შესახებ“ უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონპროექტის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საუბრისას იაგო ხვიჩია აცხადებდა, რომ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კანონპროექტის „ღირსებიც კი არიან და იმსახურებენ ამას“.