ლაშა გაბიტაშვილი ადასტურებს, რომ მას ნათესაური კავშირი აქვს მთავარ პროკურორ გაბიტაშვილთან. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველთან” ინტერიუში ისაუბრა, როდესაც წამყვანმა მას ჰკითხა იყო თუ არა იგი საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის ბიძაშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე ლაშა გაბიტაშვილი ასევე პასუხობს, რომ იგი გიორგი გაბიტაშვილმა როგორც ნათესავმა, მოიკითხა, თუმცა აღნიშნავს, რომ „ამ ფაქტს არანაირი გავლენა არ ჰქონია მის საქმესთან”.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გაბიტაშვილი არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 2025 წლის იანვარში აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდდნენ.
ინციდენტი აბუ-დაბის სასტუმრო „რედისონის“ რესტორანში დაიწყო, სადაც დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე გაბიტაშვილს თავს დაესხნენ. მათი თავდასხმა კი გამოწვეული იყო წინა დღის შემთხვევით, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატებს გაბიტაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა.
ინციდენტის შემდეგ, გაბიტაშვილი და დეპუტატები ადგილობრივმა პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. ირაკლი ზარქუას განცხადებით, ჯარიმის გადახდის შემდეგ მათ აბუ-დაბის დატოვების საშუალება მიეცათ.
თებერვალში, თბილისში დაბრუნების შემდეგ, ლაშა გაბიტაშვილს სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა, როდესაც ის ძაღლს ასეირნებდა. აღსანიშნავია, რომ აბუ დაბიში შეხლა-შემოხლის დროს დეპუტატები მას დაემუქრნენ სიტყვებით – „ჩამოხვალ შენ თბილისში”.