პოლონეთის პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის დატოვებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რასაც ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფები საგანგაშოს უწოდებენ.
სტამბოლის კონვენცია ხელმომწერ ქვეყნებს ავალდებულებს, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის სხვა ფორმების აღკვეთის მიზნით ადგილობრივ დონეზე შემუშავდეს კანონმდებლობა; ასევე, გაიზარდოს ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა; უზრუნველყოფილი იყოს ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია.
პოლონეთის პარლამენტმა სამშაბათს მხარი დაუჭირა კანონპროექტის – „კი – ოჯახს, არა – გენდერს“ კომიტეტებზე განსახილველად გატანას.
კანონპროექტის ტექსტის მიხედვით, პოლონეთმა სტამბოლის კონვენცია უნდა დატოვოს.
ცოტა ხნით ადრე, 20 მარტს, თურქეთმა ოფიციალურად დატოვა სტამბოლის კონვენცია, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა.
პოლონეთის მემარჯვენე მთავრობამ სტამბოლის კონვენციის დატოვებისკენ სწრაფვა გასულ ზაფხულს გამოხატა. მათი მტკიცებით, კონვენცია პატივს არ სცემს რელიგიას და ახალისებს წინააღმდეგობრივ იდეოლოგიებს გენდერის შესახებ.
„პარლამენტს შეუძლია და უნდა შეაჩეროს ეს საშიში კანონპროექტი, ქალებისა და გოგოების დასაცავად“, – ამბობს „ევრონიუსთან“ ჰილარი მარგოლისი, ქალთა უფლებების საკითხების მკვლევარი Human Rights Watch-დან.
ქალთა უფლებების კუთხით პოლონეთის მემარჯვენე ხელისუფლების მხრიდან ეს პირველი ნაბიჯი არ არის, რამაც მოქალაქეების მასშტაბური პროტესტი გამოიწვია; გასული წლის ოქტომბერში პოლონეთში ათიათასობით მოქალაქე, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუჩაში გამოსვლით აპროტესტებდა. გადაწყვეტილების მიხედვით, ორსულობის შეწყვეტა, ნაყოფის პათოლოგიების მიუხედავად, არაკონსტიტუციურ ქმედებად მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში აბორტი, პრაქტიკულად, სრულად აიკრძალა.
ერთი კვირის წინ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთმა დატოვა სტამბოლის კონვენცია, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მარავლათასიანი პროტესტი გამოიწვია.
ევროსაბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბოლის კონვენცია) მიღებულია სტამბულში 2011 წლის 7 მაისს. კონვენცია ევროპის ქვეყნებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმებისა და იურიდიული ნორმების შემუშავებას ავალდებულებს.
დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახში დანაშაულისაგან, აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა; იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე. დღეისათვის კონვენცია ევროპისსაბჭოს 13 ქვეყნის მიერ იყო რატიფიცირებული.
საქართველოში 2014 წლის 19 ივნისს იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა კონვენციას. იმისათვის, რომ საქართველოს მოეხდინა კონვენციის რატიფიცირება, პირველ რიგში საჭირო იყო კანონმდებლობის სრულყოფა და კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა. ცვლილებები შევიდა 30-მდე კანონში, რომელიც ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხებოდა. 2017 წელს კი შესაძლებელი გახდა კონვენციის რატიფიცირება.