„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა კიდევ სამ რეგიონში თქვეს უარი არჩევნებში მონაწილეობაზე და კანდიდატურები მოხსნეს. „ტვ პირველის“ ცნობით, ესენი არიან ყულარის, პირველი ქესალოსა და ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატები.
ამ საკითხს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა „ლელოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე:
„დღეს კიდევ სამი მაჟორიტარი დააშინეს მთელი საქართველოს მასშტაბით და სამ მაჟორიტარს ათქმევინეს, რომ თურმე არანაირი ზეწოლა არ მიმდინარეობს და უარი თქვეს კანდიდატობაზე. კიდევ სამ მაჟორიტარს ათქმევინეს. მე ვსვამ შეკითხვას, თუ არ ეშინია ბიძინა ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს ჩვენი, რატომ აკეთებს ამას. პასუხი ნათელია – ეშინია, ეშინია ჩვენი ერთობის, ეშინია კოალიცია ძლიერი საქართველოსი, ეშინია გახარიას გუნდის და ეშინია იმ ბრძოლის, რომელიც ჩვენ გავუჩაღეთ მას მთელი საქართველოს მასშტაბით“.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კანდიდატურა მოხსნა „ლელოს“ ბოლნისის მერობის კანდიდატმა, ასეფ ჩირაგოვმა.
2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება.
პროდასავლური ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. არჩევნებში მონაწილეობს „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.