გიორგი გახარიას გადადგომა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა „ტვ პირველის“ ეთერში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა.
„როდესაც მე და ალეკო შევედით სხდომათა დარბაზში, „ქართულ ოცნებას“ ეტყობოდა დაბნეულობა და ის, რომ ეს მათთვის მოულოდნელი იყო. გახარიას ეს გადაწყვეტილება იყო სწორი და მან შეძლო, კრიტიკული ფონი ესკალაციის დაეწია. ახლა მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოლაპარაკების გზით წავიდეს. იქამდე მიიყვანეს ვითარება, რომ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ვდგავართ. მთელი ქვეყანა ვუყურებთ ამ ორი ძალის ერთმანეთთან ჭიდაობას.“ – განაცხადა იოსელიანმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები ხელსაყრელი პარტია „მოქალაქეებისთვის“, ლევან იოსელიანმა უპასუხა, რომ „ძალიან ხელსაყრელი იქნება.”
„ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ წინააღმდეგნი ვადამდელის. თუ იქნება, კი ბატონო. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას და მე მგონია, რომ ვადამდელისთვის მთავარს ახლა ვაკეთებთ ჩვენ – ვამზადებთ საარჩევნო გარემოს, სადაც სამართლიანი ვადამდელი თუ ნებისმიერი სხვა არჩევნები უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა იოსელიანმა.
შეკითხვაზე, დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ ფიქრობს თუ არა, რომ მათი გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლაზე იყო სწორი.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ მივიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გავბედეთ პარლამენტში შემოსვლა, რომ შევცვალოთ მთავარი – შევცვალოთ არჩევნები. ეს ის არის, რაც განგვასხვავებს სხვებისგან. გადაწყვეტილებებს ვიღებთ დამოუკიდებლად და გვჯერა, რომ არჩევნების გზით ცვლილებები ერთადერთი სწორი გამოსავალია“, – განაცხადა იოსელიანმა.