ბუნდესტაგის დელეგაციის წევრები იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბუნდესტაგის დეპუტატმა, თომას ჰაკერმა მედიას განუცხადა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ასევე მან შეკითხვები დასვა ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.
„იუსტიციის მინისტრთან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ რამდენიმე პრობლემატური საკითხი და აუცილებელი რეფორმები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციას ძალიან დაეხმარება.
მე კიდევ ერთხელ დავსვი ნიკა გვარამიას საკითხი, რაზეც პასუხი არ მიმიღია. ასევე მქონდა სურვილი, მომენახულებინა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მასთან შესვლაზე უარი საქართველოს კანონმდებლობით იქნა ახსნილი“, – განაცხადა მან მედიასთან.
ბუნდესტაგის დეპუტატი გუშინ, 3 მაისს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციასაც დაესწრო.
ბუნდესტაგის დელეგაცია საქართველოში 2 მაისს ჩამოვიდა და უკვე გამართა შეხვედრა საქართელოს პარლამენტში. დღეს დაგეგმილია სამინსტროებში შეხვედრები. ასევე, პროგრამაში არის შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.
ბუნდესტაგის დელეგაციის ჩამოსვლამდე მარტში საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი იმყოფებოდა.