კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და მათი მედიასაშუალებების არაჯანსაღ საქციელს – კობახიძე

პუბლიკა

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის,  ირაკლი კობახიძის განცხადებით, სპეცოპერაციის მთავარი მიზანი – 43-ვე მძევლის უვნებლად გათავისუფლება შესრულებულია და ახლა მთავარია, სპეცოპერაცია წარმატებით მიიყვანონ ბოლომდე.

„დარწმუნებულნი ვართ, სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანი მუშაობით, ოპერაცია წარმატებით დასრულდება. ძალიან მოკლედ, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და მათი მედიასაშუალებების არაჯანსაღ საქციელს, რისი თვითმხილველიც გუშინ მთელი დღის მანძილზე გახდა ქართული საზოგადოება. ამ ტიპის კრიმინალზე პოლიტიკური ქულების დაწერის იაფფასიანი მცდელობა, შემთხვევის ადგილთან პოზიორობა, დამნაშავესთან უპასუხისმგებლო მოლაპარაკებების პირდაპირ ეთერში წარმოება, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ადგილების პირდაპირ ეთერში გადაცემა და ასე შემდეგ, პოლიტიკური თუ ჟურნალისტური ეთიკისა და მორალის ყოველგვარ ზღვარს სცდება.

გუშინაც, სხვა მსგავსი შემთხვევების ანალოგიურად, ერთ მხარეს იდგნენ ხელისუფლება, გმირი პოლიციელები და მძევლების უვნებლად გათავისუფლებით დაინტერესებული ჩვენი თანამოქალაქეები, ხოლო მეორე მხარეს იდგნენ ბანკში შეჭრილი დამნაშავე, ექსტრემისტული ზრახვებით შეპყრობილი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები. არანაკლებ შემაშფოთებელია ამ ადამიანების დღევანდელი გაწბილებული კომენტარები 43-ივე მძევლის უვნებლად გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს 31 ოქტომბერს საზოგადოების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.