„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას კიდევ ერთხელ შესთავაზა, ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში და იმ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, რომელიც, კობახიძის თქმით, თებერვლის პირველ რიცხვებში შეიქმნება და 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს შეისწავლის.
„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება – „ევროპელი სოციალისტები“, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის“ სცენარი. ამ ვითარებაში პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რაციონალური საფუძველი დაკარგა.
მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ შედარებით ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებსაც კი, შანტაჟის შიშის გამო, ჯერ კიდევ უჭირთ ნაბიჯის გადადგმა და დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვა.
კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, რათა ნათელი მოვფინოთ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით – გადავამოწმოთ იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება ამ სიმართლის დასადგენად.
საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვევთ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის ეუთო/ოდირს, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიის მუშაობის მაქსიმალური ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა.
ამასთან, ბუნებრივია, ძალაში რჩება ჩვენი პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, მმართველი პარტია დაუყოვნებლივ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, პირადად მე კი, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ასევე საარჩევნო რეფორმის განხორციელების შესახებაც. მისი თქმით, რეფორმის ძირითად იასპექტები ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში შეჯერდა.
„არის რეფორმის გარკვეული საკითხები, რომელთა გატარება მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს. პირველ რიგში, ეს ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას. დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას“, – განაცხადა კობახიძემ.
„ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მოუწოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაიწყოს მუშაობა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის.
„ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის დაასრულებს ოპოზიცია ჭირვეულობას და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ვთხოვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე, რომლის დასანერგად საქართველოს პარლამენტი სათანადო საკანონმდებლო ბაზას შეიმუშავებს.
აშკარაა, რომ საქართველოში დღეს არსებულ ძირითად ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს არა აქვთ დემოკრატიულ პროცესებში დადებითი წვლილის შეტანის რესურსი. მათ ამის საშუალებას არ აძლევს უმძიმესი პოლიტიკური წარსული და თანდაყოლილი დესტრუქციული ბუნება. თუმცა, რადგან დღეს ისინი განასახიერებენ ოპოზიციას, ვალდებულნი ვართ, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში, არჩევნების შედეგების გადამოწმებასა და საარჩევნო რეფორმის გატარებაში.
იმედი გვაქვს, ისინი ამჯერად მაინც არ შეუშინდებიან და არ აარიდებენ თავს არჩევნების შედეგების გადამოწმებას. საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვა მათთვის არის ბოლო შანსი, გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნონ სახე საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. თუ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა მათი მონაწილეობის გარეშე წარიმართება და დასრულდება, ისინი ამ შანსსაც საბოლოოდ გაუშვებენ ხელიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.