„ძვირფასო ჯოზეფ ბორელ და შარლ მიშელ, კიდევ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ საბოლოოდ დაასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურებისთვის, გაყინოთ ევროკავშირის სახსრები და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება შეაჩეროთ?“ – ასე მიმართავს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.
ლექსმანი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ იმ პირების „მონაცემთა ბაზას“ შექმნის, რომლებიც „ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს”.
გუშინ, 8 მაისს, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა იმ პირთა შესახებ, რომლებიც „ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟია ჩართული“ ან ამ ქმედებებს „საჯაროდ იწონებს“.